საქართველოს წინსვლა გენდერული თანასწორობისკენ გაეროს რეგიონულ შეხვედრაზე განიხილება

ევროპის პოლიტიკური ლიდერები, ოფიციალური პირები და აქტივისტები თანხმდებიან, რომ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა აუცილებელია მდგრადი განვითარების მისაღწევად

29 October 2019

საქართველოს ქალთა ხმა დღეს მკაფიოდ გაისმა ჟენევაში, გაეროს სათაო წარმომადგენლობაში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე, სადაც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 56 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის სფეროში მიღწეულ წინსვლასა და გამოწვევებს განიხილავდნენ. საქართველო წარმოდგენილი იყო მრავალმხრივი დელეგაციით, რომლის  შემადგენლობაში შევიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საქართველოს მიღწევები და კონკრეტული მაგალითები ასევე შევიდა ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ მომზადებულ რეგიონულ ანგარიშში.      

რეგიონულ კონფერენციას წინ უსწრებდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის გენდერული თანასწორობის სააგენტოს ხელშეწყობით ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მსვლელობაში რეგიონის ხუთი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის მიღწევის გზებზე.  

ღონისძიება გაიხსნა ექვსი ქართველი ქალის ვიდეო მიმართვით, რომელშიც პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, მეცნიერებმა და არტისტებმა ერთხმად ისაუბრეს გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და გამოხატეს თავისი ურყევი პოზიცია გენდერული თანასწორობის მიღწევასთან და სტერეოტიპების მსხვრევასთან დაკავშირებით.  

„საქართველოს სახელმწიფოებრიობა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს ეფუძნება“, - განაცხადა ნატალია ჯალიაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს უფროსმა. „ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით დემოკრატიული რეფორმების გზაზე, მაგრამ ასევე ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. მათ შორისაა გენდერული ნიშნით ძალადობა და ქალების დაბალი მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.“

„საქართველო ბევრ წარმატებას ითვლის ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. „მიუხედევად ამისა, ქალების წარმომადგენლობა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე კვლავაც დაბალია. ქალი პარლამენტარების რაოდენობა 15 პროცენტს არ აღემატება, ხოლო 64 არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია გავუმკლავდეთ ამ რეაქციულ ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მთელს რეგიონში“.

კონფერენციის მსვლელობაში საქართველო ასევე აქტიურად ჩაერთო ერთერთი ძირითადი სესიის მუშაობაში, სადაც გენდერული თანასწორობის მისაღწევად აუცილებელი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შემუშავება განიხილებოდა. მსჯელობა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ისლანდიის პრემიერ-მინისტრის აპარატის, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, შეეხო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შეფასებას და რეგიონში ამ თვალსაზრისით არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის გზებს. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონში ქალების შემოსავალი საშუალოდ კაცების შემოსავლის 82 პროცენტს უტოლდება, თუმცა საქართველოში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია და მხოლოდ 64 პროცენტს შეადგენს.

ყველა ზემოთხსენებული ღონისძიება გაიმართა უფრო ფართო რეგიონული ფორმატის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა. შეხვედრის მიზანი იყო პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის შესრულების ყოველწლიური შეფასების მომზადება, რომელიც 2020 წლის მარტში, ნიუ იორკში, ქალთა მდგომარეობის კომისიის (CWS) 64-ე სესიაზე გაიმართება. პეკინის დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნები მოამზადებენ ეროვნულ ანგარიშებს, რომლებიც შეჯამებულ მსოფლიო ანგარიშში გაერთიანდება და დეკლარაციის შესრულებას 12 პრიორიტეტული სფეროს მიხედვით შეაფასებს.

2020 წელს სრულდება 25 წელი პეკინის დეკლარაციის მიღებიდან და 5 წელი მდგრადი განვითარების დღის მიზნებზე მსოფლიო შეთანხმებიდან. ამის გათვალისწინებით, პეკინის დეკლარაციის საიუბილეო შეფასება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე მდგრადი განვითარების მიღწევის გზაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია