უძველესი კავკასიური ეპოსის თეატრალური ვერსია ქართულ და ოსურ ენებზე შესრულდა

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ახალგაზრდა მსახიობებმა ნართების თქმულებები სცენაზე გააცოცხლეს

9 October 2018

ფოტოს ავტორი: პიტერ შონი/UNDP

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენამ ნართების თქმულებების პირველ თეატრალურ წარმოდგენას უმასპინძლა. სიმამაცეზე, მეგობრობასა და სიყვარულზე შექმნილი უძველესი კავკასიური ეპოსი ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფმა ქართულ და ოსურ ენებზე გააცოცხლა.

ღონისძიება გახსნა ნაირა ბეპიევმა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობის კვლევითი ცენტრის პროფესორმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიური მოზაიკა“ ხელმძღვანელმა.

წარმოდგენის დაწყებამდე მაყურებელს მიმართეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა.

ნართების თქმულებების თეატრალურ წარმოდგენას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნართების თქმულებების თეატრალური ვერსია 2018 წლის ზაფხულში „კავკასიური მოზაიკის“ ინიციატივით შეიქმნა. კავკასიური ეპოსის თეატრალურ ადაპტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. თეატრალურ წარმოდგენას წინ უძღოდა ნართების თქმულებების ქართულ-ოსური ბავშვებისათვის ადაპტირებული ილუსტრირებული ვერსიის გამოცემა 2017 წელს.

ნართების თქმულებების გამოცემასა და თეატრალურ ადაპტაციას მხარი დაუჭირეს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის შედეგად გამიჯნულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM).

2010 წლიდან დღემდე COBERM-ის მეშვეობით 190-მდე ნდობის აღდგენის ინიციატივა  განხორციელდა. მათი წარმატება განაპირობა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ კონფლიქტის გამყოფი ხაზების ყველა მხარეს. COBERM-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნდობის აღდგენის ისეთ სფეროებს, როგორიცაა ახალგაზრდების განათლება, სახალხო დიპლომატია, კულტურული თანამშრომლობა, უმცირესობათა უფლებები, გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და მრავალი სხვა. COBERM-ის მიმდინარე, მესამე ეტაპი 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.   

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნაირა ბეპიევი, კავკასიური მოზაიკა, +995 577 777952, bepieva.naira@gmail.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 577 258868, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu