გაეროს უნივერსიტეტი ხელს უწყობს საქართველოს ელექტრონული მმართველობის მიღწევების პოპულარიზაციაში

სამუშაო შეხვედრა „საქართველოს ელექტრონული მმართველობის ტრანსფორმაცია“ გაეროს უნივერსიტეტის ელექტრონული მმართველობის განყოფილებაში (UNU-EGOV)

16 October 2018

Photo: DEA

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში „საქართველოს ელექტრონული მმართველობის ტრანსფორმაცია“, რომელიც ჩატარდა გაეროს უნივერსიტეტის ელექტრონული მმართველობის განყოფილებაში (UNU-EGOV) 8-10 ოქტომბერს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში.  

უწყებებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები ელექტრონული მმართველობის კუთხით და  შემდგომი მიღწევებისათვის საჭირო სტრატეგიების შემუშავების საკითხი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ქვეყანაში არსებული ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესი, მათ შორის: ელექტრონული მმართველობის სტრუქტურები, ღია მონაცემები და ღია მმართველობა, ელექტრონული ჩართულობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლია საქართველოს არსებული მიღწევების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა,  განიხილეს საქართველოს რეფორმების ექსპორტისათვის შესაძლო სამიზნე ბაზრები და დაინტერესებული ქვეყნები.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ გაგნიძის განცხადებით, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანი იყო UNU-EGOV-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, რამაც სააგენტოს შესაძლებლობა მისცა ქვეყნის მიღწევებისა და რეფორმების შესახებ UNU-EGOV-ის მკვლევარებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინა, ხოლო UNU-EGOV-ისაგან საუკეთესო გამოცდილებას გაცნობოდა.  

„ჩვენი სააგენტო ქვეყანაში ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრს ქმნის, რომელიც თავს მოუყრის ქვეყნის მიღწევებისა და რეფორმების შესახებ ცოდნას. ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ პლატფორმის შექმნაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვადასხვა დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენლებს და დავეხმაროთ მათ რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რომლებიც საქართველოში უკვე წარმატებით დაინერგა“.- განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია დაესწრო ტრენინგს, რომელიც UNU-EGOV-ის მკვლევარებმა სააგენტოს წარმომადგენლებისათვის შეიმუშავეს. ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის იყო ინივაციური წამოწყებები, ღია მმართველობისა და ღია მონაცემების კონცეპტუალიზაცია, გამოწვევები, ადგილობრივი მმართველობა და ელექტრონული სერვისების მიწოდება.

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და UNU-EGOV-ის თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გაფორმდა. მემორანდუმით განსაზღვრულია უწყებების საერთო ინტერესები ელექტრონული მმართველობისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში.

გასული წლის განმავლობაში, UNU-EGOV-ის კვლევისა და მთავრობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო საქართველოს ელექტრონული მმართველობის სტრატეგიების გაუმჯობესებისა და შემდგომი განვითარების შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს მთავრობას მათი ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება.

დამატებითი ინფორმაცია:

UNU-EGOV არის გაეროს უნივერსიტეტის განყოფილება, რომელიც მდებარებოს პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში და წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის კვლევით ინსტიტუტს; კვლევის, საკონსულტაციო მომსახურებისა და ტრენინგების ძირითად ცენტრს; ხიდს კვლევასა და საზოგადოებრივ პოლიტიკას შორის; გაეროს სისტემისა და მისი წევრი-ქვეყნების საიმედო პარტნიორს, განსაკუთრებული ყურადღებით მდგრადი განვითარების, სოციალურ ჩართულობისა და აქტიურ მოქალაქეობის კუთხით. UNU-EGOV ცდილობს თავისი როლის განმტკიცებას საერთაშორისო დონეზე, მულტიდისციპლინური და მულტიკულტურული გუნდების კომპლექსური პრობლემებისა და გამოწვევების  გაერთიანების გზით.

UNU-EGOV დაარსდა 1972 წელს, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ, ერთობლივი კვლევის, განათლების, გავრცელებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით, ადამიანთა გადარჩენის, განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი ხალხებისა და წევრი სახელმწიფოების მთავარ საზრუნავს წარმოადგენს.