საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებას ახალი რეგლამენტის პროექტი წარუდგინა

18 June 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებას ახალი რეგლამენტის პროექტი წარუდგინა, რაც საპარლამენტო რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

18 ივნისს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დოროტა დლოუხი-სულიგამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა, და გიგი ბრეგაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რეგლამენტის რეფორმის შედეგად შემუშავებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე. დოკუმენტის დახვეწა, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და პარლამენტის ეფექტური კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო მექანიზმების დანერგვა მიმდინარე რეფორმის მიზანია, რაც, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესაბამისად, გაზრდის საკანონმდებლო ორგანოს როლს საპარლამენტო მმართველობის სისტემაში.

რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობის სახელმძღვანელო დოკუმენტია. მასში აღწერილია პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები; საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, საბჭოებისა და კომისიების მუშაობის წესი. რეგლამენტი ადგენს კანონების განხილვისა და მიღების წესებს, ასევე განსაზღვრავს პარლამენტის ურთიერთობას მთავრობასთან.

ახალი რეგლამენტის პროექტი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება.

პარლამენტის მიერ რეგლამენტის ახალი პროექტის ინიცირება 2018 წლის 31 მაისს მოხდა, ხოლო მისი მიღება პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თამარ გურგენიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე, +995 599 899628, tgurgenidze@parliament.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

    ფოტოები