ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის გაძლიერებას

20 December 2018

დღეს გამართულ საჯარო შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტმა თავისი კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და უახლოესი გეგმები წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ  პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების, უნივერსიტეტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

მსჯელობა გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს ლუიზა ვინტონმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, და ასუნსიონ სანჩეს-რუისმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის არსებულ გამოწვევებზე, რეფორმის აუცილებლობასა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, და პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმა 2018 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის ხელშეწყობა და პარლამენტის წევრებისათვის ხარისხიანი, ფაქტებზე დაფუძნებული  და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება.

პარლამენტის ახლადმიღებული რეგლამენტის თანახმად, კვლევით და ანალიტიკურ სამსახურს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნება, რაც უფრო მოქნილს გახდის მის საქმიანობას როგორც მაღალკვალიფიციურ მკვლევარებთან თანამშრომლობის, ასევე დონორთა დახმარების მიღების თვალსაზრისით.

პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდა მიმდინარე საპარლამენტო რეფორმის ნაწილია, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu