სამოქალაქო საზოგადოებას წვლილი შეაქვს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში

16 ინოვაციური პროექტი საჯარო მმართველობის სხვადასხვა სფეროში

14 December 2018

საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის სამოქალაქო საზოგადოების თორმეტმა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას 16 ინოვაციური ინიციატივა შესთავაზა. პროექტები მოიცავს საჯარო მმართველობის ისეთ საკვანძო სფეროებს, როგორიცაა ღია და ინკლუზიური სახელმწიფო სერვისები, ბიუროკრატიის შემცირება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება, დავების მოგვარება, მოქალაქეებთან კომუნიკაცია და სხვა.

ყველა პროექტის საჯარო განხილვა შედგა 2018 წლის 14 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ხოლო მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა.

“საჯარო მმართველობის რეფორმის მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სახელმწიფო უწყებები ემსახურებიან მოქალაქეებს  და არა პირიქით”, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „სწორედ ამიტომ UNDP აქტიურად უწყობს ხელს სამოქალქო საზოგადოების ჩართულობას რეფორმის განხორციელების პროცესში“.

ჯასტინ მაკენზი სმიტმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ხაზი გაუსვა, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ხელს უწყობს საქართველოს საჯარო უწყებების ღიაობას, ეფექტიანობასა და პროფესიონალიზმს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული გარდაქმნისათვის.

„სიამოვნებით ვუჭერთ მხარს საქართველოს ხელისუფლებას ძლიერი, პროფესიული და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის შექმნაში, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს,” - აღნიშნა მან.

“აქ წარმოდგენილი პროექტები ნათელი დადასტურებაა ჩვენი არჩევანის - გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად სამოქალაქო სექტორიდან. ეს მიდგომა არა მხოლოდ აუმჯობესებს ქვეყანაში მმართველობას, არამედ გვაყალიბებს უკეთეს საზოგადოებად, რომლისთვისაც ჩვეული რეჟიმია სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა“, - განაცხადა ელენე ბერაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშემწყობებს შორის არიან წამყვანი არასამთავრობო, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციები როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან. მათ შორის: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), “იარე ფეხით”, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი, ბთთ - პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სოციალური პრაქტიკის შესწავლის ცენტრი და გორის საინფორმაციო ცენტრი.

პროექტების შერჩევა  საგრანტო კონკურსის შედეგად განხორციელდა. მათი ნაწილი უკვე ხორციელდება ან 2019 წელს დაიწყება.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებენ. ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 3.7 მილიონ დოლარს აღემატება, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმას რამდენიმე საკვანძო მიმართულებით.

საკონტაქტო ინფორმაცია