არბიტრაჟის დღეები 2018

საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარება ხელმისაწვდომ მართლმსაჯულებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს

4 October 2018

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ახალი ერა დავების გადაწყვეტაში და მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე „არბიტრაჟის დღეები 2018“, რომელიც 4 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეები საერთაშორისო არბიტრაჟში ახლადდამკვიდრებულ მიდგომებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟზე მსჯელობენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრები და იურისტები, მათ შორის 40-მდე  საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი და მოსამართლე.

კონფერენციის გახსნაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, აღნიშნა, რომ დავების მოგვარების  ალტერნატიული მეთოდების, მათ შორის, არბიტრაჟის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ჩვენი ქვეყნის არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას.

კარლ ჰარცელმა,  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ისაუბრა საერთაშორისო არბიტრაჟის მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარების პროცესში.

“ევროკავშირი მხარს უჭერს  ქართველ მეწარმეთა ინტერესების დაცვას კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების გზით. შესაბამისად,  ჩვენ ხელს ვუწყობთ  დამოუკიდებელ არბიტრაჟის განვითარებას, როგორც ხშირად ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესების ალტერნატივას", - განაცხადა მან.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ  - ნინო ბაქაქურმა, საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა - ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ - სოფო ტყემალაძემ,  და ”საპარტნიორო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა - დავით საგანელიძემ.

თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია ჩვენს რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად.

წლევანდელი არბიტრაჟის დღეების პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებით იყო დატვირთული. მათ შორის, დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრთან (ICDR) თანამშრომლობით გაიმართა სემინარი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის საარბიტრაჟო შეთანხმებების შემუშავების შესახებ; ხოლო არბიტრაჟის ეთიკაზე სემინარს გაუძღვა არბიტრთა პროფესიული ორგანიზაცია - Chartered Instituted of Arbitrators (CIArb).

არბიტრაჟის დღეების მსვლელობაში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან (VIAC). შეთანხმების ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები, განხორციელდება ინფორმაციის გაცვლა არბიტრაჟის რეგიონული პრაქტიკის შესახებ, გაღრმავდება  თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარბიტრაჟო წარმოება და დავების ეფექტი გადაწყვეტა.

თბილისის არბიტრაჟის დღეების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის EU4Justice ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო მაქაცარია, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი GIAC, +995 591 650500, sofia_linhart@yahoo.com
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო,, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995322943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu