გამოგონებათა კონკურსი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორია აცხადებს გამოგონებების/გადაწყვეტების კონკურსს პანდემიით გამოწვეული ცვლილებებისადმი ჭკვიანური ადაპტირების იდეების გამოსავლენად

20 April 2021

რა კონკურსია?

ეს ადგილობრივი, სახალხო გამოგონებების კონკურსია. მისი მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს საქართველოში შექმნილი გადაწყვეტები, რომლებიც კოვიდ 19-ის პანდემიასთან გამკლავებას აადვილებს ან პანდემიით გამოწვეული ცვლილებებისადმი ჭკვიანურ ადაპტირებას ასახავს. ასეთი გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო ან ნივთი, ასევე, მომსახურება ან საქმიანობა.

კონკურსის მთავარი თემაა პანდემიასთან გამკლავება, რაც მოიცავს შემდეგ ქვე-საკითხებს:

  1. ბიზნესის კეთება: ამ კატეგორიაში ჩვენ ვეძებთ არსებულ შეთავაზებებს, საქმიანობის წარმოების ახლებურ გზებს, ბიზნეს მოდელებს და სხვა ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ მიგნებებს, რომლებიც შეიქმნა პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებზე საპასუხოდ.
  2. დისტანციური სამსახური: დღეს მოსახლეობის ერთი ნაწილი მუშაობს ან სწავლობს სახლიდან, რისთვისაც საჭირო გახდა საცხოვრებელი სივრცეების მორგება ამ ახალი ფუნქციისთვის. თუ გაქვთ გამოგონება, რომელიც გეხმარებათ უკეთ ააწყოთ თქვენი სამუშაო ან სასწავლო პროცესი სახლში, გაგვიზიარეთ!
  3. განათლება: ამ კატეგორიაში ვეძებთ სწავლა-სწავლების ახალ ხერხებს, რომლებიც ახალმა რეალობამ გვიკარნახა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის სასწავლო დაწესებულების ან კერძო პედაგოგის მიერ გამოყენებული მეთოდი, სასწავლო სივრცის მოწყობა ან კლასგარეშე აქტივობა რომელიც პანდემიის რეგულაციების დაცვითაა შესრულებული.
  4. დასვენება: შეზღუდვებმა, განსაკუთრებით კი ხანგრძლივმა საკარანტინო პერიოდებმა,  ნათლად დაგვანახეს რამდენად მნიშვნელოვანია დასვენება, სპორტი და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ამ კატეგორიაში ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტებს, რომლებიც დაინერგა პანდემიის დროს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. ეს შეიძლება იყოს როგორც ახალი თამაში, „გამოწვევა“, მომსახურება, ტრენაჟორი ან ახალი ტიპის სათამაშო მოედანიც კი!
  5. გართობა: პანდემიის დროს ტურისტულმა სექტორმა ყველაზე მეტად იზარალა. თუმცა, აქაც ვხედავთ ახალ, ინოვაციურ მიდგომებს. ეს კატეგორია აერთიანებს არსებულ გამოგონებებსა და ხერხებს, რომლებიც დაინერგა დასვენებისა და კვების ობიექტებში ვირუსის გავრცელების შეზღუდვისათვის.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა?

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც შეეჩეხნენ კონკრეტულ პრობლემას, ხშირად თვითონ პოულობენ ისეთ გადაწყვეტებს, რომლებიც უფრო სწრაფ და მარტივ გზებს გვთავაზობენ მის გადასაჭრელად. თუმცა, ასეთი გადაწყვეტები ხშირად შეუმჩნეველი რჩება და არ ხდება მათი გაზიარება სხვებისთვის ვინც მსგავს პრობლემას ებრძვის. ამ კონკურსის მეშვეობით ჩვენ გვინდა გამოვავლინოთ ქართველი გამომგონებლები, მოვუყვეთ სხვებს მათი გამოგონებების შესახებ რომ მათმა გამოგონებებმა უფრო ფართო გამოყენება ჰპოვოს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კონკურში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს - ინდივიდუალურ პირებს, საინიციატივო ჯგუფებს, სათემო ორგანიზაციებს, სტარტაპებს თუ მცირე და საშუალო მეწარმეებს.

18-წლამდე ასაკის პირების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია მშობლის ან მეურვის თანხმობა.    

რა პრიზებია?

საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს. გამარჯვების შემთხვევაში, მოგებულს შეეძლება ამ თანხის გამოყენება მისი გამოგონების გასაუმჯობესებლად ან პირადი განვითარებისათვის საჭირო ინვენტარის შესაძენად. 10 საუკეთესო გამოგონების ავტორი მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გამოგონება/გადაწყვეტა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ გამოგონებას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შექმნილია საქართველოში, ინდივიდუალურად, მოქალაქეთა ჯგუფის, სათემო ორგანიზაციის ან მცირე და საშუალო საწარმოს მიერ
  • უკვე განხორციელებულია და დანერგილია პრაქტიკაში
  • ითვალისწინებს ადგილობრივ სოციალურ და კულტურულ კონტექსტს
  • არ აზიანებს გარემოს
  • შესაძლებელია მისი სხვაგან გამეორება, გაზრდა ან გამრავლება

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გარდა იქნებიან ქართველი გამომგონებლები, სტარტაპერები და განვითარების ექსპერტები. ჟიურის წევრებს მიმდინარე კვირებში გაგაცნობთ.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ეს ფორმა: https://forms.gle/XZ4BbzzN4z6kD3zL9  

გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შესავსებად დაგჭირდებათ:

  1. ელექტრონული ფოსტის მისამართი (gmail)
  2. თქვენი გამოგონების ფოტოსურათი, ნახაზი ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც ასახავს თქვენს გამოგონებას. თქვენ შეძლებთ მაქსიმუმ 5 ცალი ფაილის ატვირთვას.

როგორ დაგიკავშირდეთ? 

21 აპრილს, დაინტერესებული აპლიკანტებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: acclab.geo@undp.org

განახცადები მიიღება 2021 წლის 13 ივნისის ჩათვლით. გისურვებთ წარმატებას!