მე ქალი ვარ!
გენდერული სტერეოტიპები კვლავაც ძლიერია საქართველოში, სადაც დემოკრატიული გარდაქმნები და ეკონომიკური ზრდა ერწყმის სოციალურ ტრადიციებს.
გაეროს განვითარების პროგრამის 2013 წლის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა წლების განმავლობაში. საქართველოს მოსახლეობის 88% მიიჩნევს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% ფიქრობს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახში. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) თვლის, რომ თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია, ჯობს, რომ ეს იყოს ვაჟი. ბიჭებს ასევე ენიჭებათ უპირატესობა განათლებისა და საკუთრების უფლების კუთხით. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე.
მიუხედავად ამისა, ქალები სულ უფრო აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ქალების წარმატება აშკარაა იმ სფეროებშიც, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცებიც საქმიანობის სფეროებად ითვლებოდა.
ავტობუსი უდაბნოში
სოფელი უდაბნო წლების მანძილზე იყო მოწყვეტილი მთავარ გზატკეცილს და მუნიციპალურ ცენტრს, საგარეჯოს. მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსი კვირაში ერთხელ თუ ჩაივლიდა, რაც საგრძნობ პრობლემას უქმნიდა უდაბნოში მაცხოვრებელ 180 ოჯახს. სატრანსპორტო სისტემის მოგვარება დაიწყო მაშინ, როდესაც ქალების აქტიურმა ჯგუფმა ეს საქმე საკუთარ თავზე აიღო.
32 წლის ფიქრია მარგიანი სოფელ უდაბნოში არსებული ფოლკლორული გუნდის ლოტბარია. ის მუშაობს როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. სოფელში მას ყველა იცნობს. გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ფიქრიამ მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ჩართულობის ტრენინგში და გადაწყვიტა გადაედგა პირველი ნაბიჯი უდაბნოს მაცხოვრებელთა ყოფის გასაუმჯობესებლად.
ფიქრია სათავეში ჩაუდგა ქალთა საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, გამოეყო სოფლისათვის მიკრო ავტობუსი საგარეჯოსთან დასაკავშირებლად.
„ქალაქში ჩასვლა უფრო ადვილი გახდა, ეს ჩვენთვის დიდი შვებაა. შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტის მიღწევას ვაპირებ“, - ამბობს ფიქრია.
ქალთა ჯგუფმა განაცხადი შეიტანა მცირე გრანტის მისაღებად. ამ ფულით ისინი აპირებენ სოფელში სკვერის გაშენებას და ბავშვებისათვის სპორტული მოედნის მოწყობას.
მცირე გრანტები გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული პროექტის ნაწილია და გამიზნულია მცირე სათემო ინიციატივების განხორციელებისათვის.
გენდერული პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს. იგი ეხმარება ქალებს გახდნენ აქტიური მოქალაქეები, მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართონ პროექტები და ხელი შეუწყონ სასიკეთო ცვლილებებს.
ფერმერი ქალები
ირინა ფხოველიშვილი კახეთის ფერმერ ქალთა პირველი ასოციაციის თავმჯდომარეა. ასოციაციაში იკრიბებიან ქალები, რომლებმაც ოჯახის რჩენა საკუთარ თავზე იტვირთეს და საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობენ სიღარიბის დაძლევას. ქალები ასოციაციაში იღებენ ინფორმაციას სოფლის მეურნეობაში გამოყოფილ კრედიტებზე, დაზღვევაზე, იურიდიულ დახმარებასა და ბიზნეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ერთი წლის მანძილზე წევრების რიცხვმა უკვე 130-ს მიაღწია.
„ქალები ყველაფერს შეძლებენ, თუკი გადაწყვიტეს. 1990-იან წლებში სოფლის მეურნეობა უკან მიდიოდა და მხოლოდ ქალების წყალობით გადარჩა. ძლიერი სოფლის მეურნეობა და ძლიერი ფერმერი საქართველოს მომავალია და მეც მსურს, ამ წარმატების ნაწილი ვიყო“, - ამბობს ირინა ფხოველიშვილი.
ირინა თავადაც გამოცდილი ფერმერია. მის მეურნეობაში შედის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ფერმები და თევზსაშენები. სეზონურად აქ 30-მდე ადამიანია დასაქმებული.
ათი წლის განმავლობაში ირინა მოღვაწეობდა ადგილობრივ თვითმართველობაში, სადაც აგრარული საკითხებით იყო დაკავებული.
ირინას ენთუზიაზმი, ენერგია და ოპტიმიზმი არწმუნებს ადგილობრივ ქალებს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია იმ დარგებშიც, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ.
თანასწორობის ღია კარი
ირმა დაუშვილმა წელს მიიღო გენდერული თანასწორობის ჯილდო, როგორც საუკეთესო მეწარმე ქალმა. ირმა ხელმძღვანელობს წარმატებულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს ფარდა-ჟალუზებსა და კარ-ფანჯარას. ბიზნესში ის უკვე 20 წელია. როგორც გამოცდილი მეწარმე, ირმა დარწმუნებულია, რომ გენდერული თანასწორობა მისი კომპანიის ძლიერი მხარეა.
„ჩვენთან 100 კაცზე მეტია დასაქმებული. ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან წარმოადგენილნი აღმასრულებელ და სხვა დონეებზე. ეს ჩვენი სიძლიერეა. ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ“, - ამბობს ირმა.
პირველი ნაბიჯები ბიზნესში

მონდომება და შრომისმოყვარეობა ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმის, თიკა ვეტრიაკოვას წარმატების ფორმულაა. უკვე ოთხი წელია, რაც თიკა ხელმძღვანელობს დასუფთავების სამსახურს „სუფთა სამყარო - აჭარა.“
„თავიდან ძალიან გამიჭირდა.არც ფული მქონდა, არც გამოცდილება. ჩემს ახლობლებსაც კი აეჭვებდა ჩემი წამოწყების წარმატება. სათითაოდ ჩამოვუარე ყველა პოტენციურ კლიენტს, რათა ჩვენი მომსახურება შემეთავაზებინა,“ - იხსენებს თიკა.
„სუფთა სამყარო“ ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებიდან, რომელმაც დახმარებისათვის ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს მიმართა.ინკუბატორი დაარსდა 2009 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით და რუმინეთის, ფინეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. ინკუბატორი ხელს უწყობს მცირე და საშუალო კომპანიებს ბიზნესის განვითარების ადრეულ ეტაპზე.
„ინკუბატორმა მომიხსნა არაერთი ყოველდღიური პრობლემა. მეტი დრო დამრჩა კომპანიის განვითარებისათვის. ვესწრებოდი ტრენინგებს, კონსულტაციებს და შევისწავლე ფინანსური ანალიზი, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა“.
2010 წელს თიკას კომპანიაში დასაქმებული იყო ხუთი ადამიანი, ხოლო 2013 წელს უკვე 190. დღეისთვის „სუფთა სამყარო“ ყველაზე წარმატებული დასუფთავების სამსახურია აჭარაში. მისი დამლაგებლების ცისფერ უნიფორმებს ყველგან მოჰკრავთ თვალს.
„ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. უკვე ახალი გეგმები მაქვს, „სუფთა სამყარო“ მხოლოდ დასაწყისია.“
მარტი 2014