ბათუმი - პირველი მწვანე ქალაქი საქართველოში?

13 ივლისი 2017

Photo: David Khizanishvili/UNDP ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

დილაობით, როდესაც სამსახურში მიმავალი ქუჩაში მეგობრებს და ნაცნობებს ვხვდები, ვრწმუნდები რომ ყველა ქალაქს თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს.

ჩემი ქალაქი, ბათუმი - მამაკაცია, ჭკვიანი და კარგად მოვლილი, ცოტა ზარმაცი და უდარდელი, თითქოს მარილიანი ზღვისპირეთის ზაფხული ღრმადაა ჩაძირული მის შინაგან სამყაროში. უყვარს პატარა კაფეებში გამჯდარი ყავისა და მაგნოლიის სუნი, მოუსვენარი და ხმაურიანი ძველი ქალაქი, რომელსაც სანაპიროს  გასწვრივ გადაჭიმული თანამედროვე შენობები ირეკლავს, ტურისტების ჟრიამული და ველოსიპედების წკარუნი ზღვისპირა ბულვარზე.

საკმარისია თვალწარმტაცი ზღვისპირეთიდან, დატვირთული ქუჩებისაკენ გატრიალდე, რომ მოულოდნელად ამ უდარდელი მამაკაცის სრულიად განსხვავებულ თვისებებს შეეჯახები. უეცრად იცვლება ქალაქის ხასიათი - აღარც მარილნარევი ნიავი უბერავს და აღარც ზღვის ხმა ისმის. სილაღესა და სიმშვიდეს  დაძაბულობა ცვლის.  ბათუმი ქათქათას ნაცვლად კი შავ-თეთრი, გამონაბოლქვის ნისლში ჩაძირული, მანქანებით სავსე ქალაქი გევლინება.  

ბოლო წლებში, ბათუმი მკვეთრად შეიცვალა, მყუდრო ქალაქის იერსახე დაკარგა და ურბანულ კონგლომერატად გადაიქცა.  გარდა იმისა, რომ ბათუმი საქართველოს მთავარი საზღვაო კურორტია, ის ქვეყნის საზღვაო და სახმელეთო კარიბჭეა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ეროვნულ ეკონომიკაში.

ცვლილების ასეთმა ტემპმა ურბანული ტრანსპორტის მომრავლება გამოიწვია. ბათუმში მანქანების კონცენტრაციის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - 136 მანქანა 1000 სულ მოსახლეზე. ეს თითქმის უტოლდება სტამბოლის მაჩვენებელს (139 - 1000 სულ მოსახლეზე), მაშინ როდესაც სტამბოლის მოსახლეობა 15 მილიონს შეადგენს, რაც 98-ჯერ აღემატება ბათუმის მოსახლეობას.

მანქანების სიმრავლეს ემატება ქალაქის გადატვირთული და არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძველებულია და მოდერნიზებას საჭიროებს, პარკირების სისტემა ბოლო რვა წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ხოლო ყოველდღიური გადაადგილების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად კვლავ ავტომანქანა რჩება. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ველობილიკების სიმცირის გამო ბათუმელების მხოლოდ 0.3% იყენებს ველოსიპედს ყოველდღიური გადაადგილებისათვის.

ქუჩებში სერნობისას ხშირად ვესაუბრები ბათუმელებს ჩვენი ქალაქის მომავალზე. ვთანხმდებით, რომ ქალაქი ადამიანებისაა და არა მანქანების, სუფთა ჰაერითა და უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ტრანსპორტით. ჩემი რესპონდენტები არასოდეს იყენებენ სიტყვებს “მდგრადი ურბანული განვითარება”, თუმცა, საოცნებო ბათუმზე საუბრისას, ზედმიწევნით სწორად აღწერენ ამ სიტყვების მიღმა მდგარ იდეას. მათ უნდათ იცხოვრონ და გემრიელი ყავა მშვიდად მიირთვან ისეთ ქალაქში, სადაც  საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა გამართულია, ნაკლები მანქანა და საცობია, მეტია სასეირნო და საველოსნო სივრცე.   

თანამოსაუბრეებს ხშირად ვპირდები, რომ ბათუმი მალე საქართველოს პირველი მწვანე ქალაქი გახდება. ამას საფუძვლად დაედება ქალაქის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგია და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების ახალი სისტემა, რომელთა შექმნაში ბათუმის მერიას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ეხმარება.

რეფორმის განხორციელება ბათუმის სატრანსპორტო სისტემის დეტალური შესწავლითა და შეფასებით დაიწყო. 2015-2017 წელს, პირველად ბათუმის ისტორიაში ჩატარდა ბათუმელების ურბანული მობილობის, ანუ ქალაქში გადაადგილების კვლევა. შეიქმნა ბათუმის სატრანსპორტო სისტემის ვირტუალური მოდელი და მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგია, რომელიც, პარკირების ახალ გეგმას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციას და ველოსნობისა და ელექტრო ტაქსის მიმზიდველ სისტემას შეიცავს.

ახალი სტრატეგიის მიზანია ქალაქის ქუჩების განტვირთვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსნობის პოპულარიზაცია.

რეფორმის პირველი შედეგები 2018 წელს გამოჩნდება, მაგრამ საპილოტე პროექტები ბათუმის ქუჩებში უახლოესი თვეების მანძილზე დაიწყება, მას შემდეგ, რაც მერია მიიღებს მდგრადი ურბანული გადაადგილების ახალ სტრატეგიას.

საკუთარი წარმატების ისტორიას ბათუმი მეგობარ ქალაქებსაც გაუზიარებს და მარილიანი ზღვით, სუფთა ჰაერითა და გემრიელი ყავით სიამაყით უმასპინძლებს საქართველოს პირველ მწვანე ქალაქში.  

 

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი