2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი

23 April 2021

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო. მედიამონიტორინგი მოიცავს 43 მედია საშუალებას - 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.

ტრადიციულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან ერთად, 2020 წლის კვლევა ასევე სწავლობს, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

მედიამონიტორინგის კიდევ ერთი დამატებითი თემაა საქართველოს არჩევნებზე უცხოური გავლენის გაშუქება ქართულ მედიაში.

მთავარი მიგნებები:

  • პოლარიზება განსაკუთრებით შესამჩნევია ტელევიზიებში.
  • ბეჭდურ მედიაში იკვეთება ყველა საარჩევნო მოთამაშის ნეგატიურად გაშუქების ტენდენცია. ამასთან ერთად, ბეჭდური მედია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით.
  • პოლარიზება იზრდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.
  • ჟურნალისტური სტანდარტები მეტადაა დაცული ონლაინ მედიაში, რომელიც საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს აშუქებს და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდება. რამდენიმე ონლაინ მედია-საშუალებაში შეიმჩნევა მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და სხვა პარტიების დისკრედიტირების ტენდენცია.
  • რადიო ინარჩუნებს გაშუქების ნეიტრალურობასა და დაბალანსებულობას, თუმცა, მისი გავლენა საგრძნობლად დაბალია მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით. უმეტესწილად, რადიო საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ექსკლუზიურ  სარედაქციო კონტენტს არ სთავაზობს მსმენელს.
  • ყველა მედია სეგმენტში გაზრდილია საარჩევნო პროცესის გაშუქების მრავალფეროვნება, ხოლო დისკრიმინაციული ენისა და გენდერული სტერეოტიპების გამოყენება უფრო იშვიათად შეიმჩნევა. თუმცა, საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ყურადღების მიღმა რჩება.
  • ყველა ტელევიზია აშუქებს შესაძლო უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი დრო ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს (EU), რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). დასავლეთის სახელმწიფოებისა და გაერთიანებების გავლენა უმეტესწილად დადებითად ფასდება.