საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. 2020

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. 2020

23 October 2020

წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოს სოციალურ გარემოს, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ შვიდი მიმართულებით - ინფორმირებულობა, სტიგმა და სტერეოტიპები, განათლება, დასაქმება, უფლებები და პრივილეგიები, ძირითადი საჭიროებები და სოციალური ინტეგრაცია, და სახელმწიფო პოლიტიკა.

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) 2019-2020 წლებში.

კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით განხორციელდა გაეროს ექვსი სააგენტოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. მისი ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს United Nation’s Fund for Sustainable Development Goals-ის ხელმისაწვდომი რესურსის გათვალისწინებით.

 ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს მოსახლეობის 51.2 პროცენტი თავს ინფორმირებულად მიიჩნევს შშმ პირების უფლებებისა და საჭიროებების შესახებ, ხოლო თითქმის 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ ჰქონია შეხება შშმ პირებთან.
  • 67.2 პროცენტი ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სწავლაში ისეთივე წარმატებების მიღწევა შეუძლიათ, როგორც საზოგადოების სხვა წევრებს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49.4 პროცენტი, აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ.
  • მოსახლეობის 33.5 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში შშმ პირების უფლებები არ ირღვევა და 43 პროცენტზე მეტი ფიქრობს, რომ შშმ პირებზე ზრუნვა ხელისუფლების კეთილი ნებაა.
  • გამოკითხულთა თითქმის 73 პროცენტი თავს კომფორტულად გრძნობს შშმ პირებთან მუშაობისას და 70 პროცენტისთვის მისაღებია ფიზიკური შეზღუდვების მქონე  პირი გადაწყვეტილების მიმღებად, მაგალითად,  პარლამენტის წევრად.
  • გამოკითხულთა აზრით ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები ნაკლებად მისაღები არიან როგორც თანამშრომლად (46.6 პროცენტი), კარის მეზობლად (36.2 პროცენტი), შვილის თანაკლასელად (47.7 პროცენტი).
  • გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინკლუზიურ განათლებას სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში (70 პროცენტი), შექმნას ინკლუზიური ინფრასტრუქტურა (85,1 პროცენტი) და გაზარდოს შშმ პირთა დახმარება (81,6 პროცენტი).
  • 72 პროცენტის აზრით, შშმ პირების წარმომადგენლობის მხარდაჭერა  მმართველობის ყველა დონეზე უნდა წარიმართოს.