ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს

29 March 2021

წინამდებარე კვლევა აფასებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების განწყობას საპატრულო პოლიციის და გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის, 112-ის მიერ გაწეული სერვისების ეფექტურობას და კოვიდ-19-ის გავრცელების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს. კვლევა ჩატარდა 2020 წლის მარტი-ივნისის პერიოდში.

კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი გამოკითხვის მეთოდი, რომელსაც საფუძვლად დაედო  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 103 ქალის სატელეფონო ინტერვიუ თბილისსა და რეგიონებიდან. კვლევის თვისებრივი ნაწილი ეფუძნება ფოკუს ჯგუფების შედეგებს, რომლებშიც მონაწილეობდა ათი იურისტი და ათი პოლიციელი, და თხუთმეტი სიღრმისეული ინტერვიუს მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციების (საფარი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ბენეფიციარებთან.

ძირითადი მიგნებები:

  • გამოკითხულთა 56 პროცენტი ამბობს, რომ არ დაურეკავს 112-ში ძალადობის შემთხვევის შემდეგ, რაც მათი აზრით განპირობებული იყო უნდობლობით (35 პროცენტი), ინფორმაციის ნაკლებობით (30 პროცენტი) და ხანგრძლივი ლოდინის დროით (18 პროცენტი).
  • რესპონდენტთა 27 პროცენტი აღნიშნავს, რომ რჩევისა და დახმარებისთვის მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს, ხოლო 10 პროცენტმა პირდაპირ პოლიციაში დარეკვა ამჯობინა.
  • გამოკითხულთა 71 პროცენტი, ვინც დახმარებისთვის 112-ში დარეკა, უკმაყოფილოა 112-ის მიერ გაწეული სერვისით.
  • ძალადობის შემთხვევის შემდეგ დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართეს აღნიშნავენ, რომ ადგილზე მოსასვლელად პოლიციას 10-15 წუთი (42 პროცენტი) ან მეტი (59 პროცენტი) დასჭირდა.
  • შემაკავებელი ორდერი გაიცა დაფიქსირებული შემთხვევების 85 პროცენტში მსხვერპლთა თანხმობით.
  • რესპონდენტების 51 პროცენტი თვლის, რომ კოვიდის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა და შეზღუდვებმა ნეგატიური გავლენა იქონიეს პოლიციის მუშაობაზე. დროის ნაკლებობა, ადამიანური რესურსები და ტრანსპორტირების საშუალებები მთავარ გამოწვევებად დასახელდა.
  • გამოკითხულთა 88 პროცენტი დარწმუნებულია, რომ პოლიცია არ უზრუნველყოფს ონლაინ საგამოძიებო მომსახურებას.

კვლევა მომზადებულია ორგანიზაციის „საფარი“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.