საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება - ონლაინ სწავლების დანერგვის ხელშეწყობა

საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება - ონლაინ სწავლების დანერგვის ხელშეწყობა

7 April 2021

წინამდებარე კვლევაში შეფასებულია საქართველოს საჯარო მოხელეთა ელექტრონული სწავლების გამოცდილება პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე. კვლევის რაოდენობრივი ნაწილი ეფუძნება 30 მუნიციპალიტეტის 1,654 საჯარო მოხელის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს, ხოლო თვისებრივი ნაწილი წარმოადგენს ფოკუს ჯგუფებში გამართული დისკუსიებისა და ონლაინ ტრენინგების ანგარიშების ანალიზს.

ძირითადი მიგნებები:

  • საჯარო მოხელეები დადებითად აფასებენ ონლაინ სწავლების შესაძლებლობას და ამბობენ, რომ ის ზოგავს დროს და ხელს უწყობს პროფესიული განვითარების შეთავსებას ყოველდღიურ მოვალეობებთან.
  • რესპონდენტთა 63 პროცენტი სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება, რომ ონლაინ ტრენინგი შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც პირისპირ სწავლა.
  • გამოკითხულთა 45 პროცენტი აღნიშნავს, რომ ონლაინ ტრენინგი ზოგავს ტრანსპორტირების ხარჯებს.
  • ელექტრონული სწავლების ნაკლოვანებებს შორის რესპონდენტები ძირითადად კოლეგებთან შეზღუდულ სოციალურ ურთიერთობას და სწავლაზე კონცენტრირების სირთულეს ასახელებენ.
  • გამოკითხულთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ტრენინგის ზოგიერთი მიმწოდებელი საკმარისად გამოცდილი არაა ონლაინ ღონისძიებების ორგანიზებაში და ვერ ახერხებს ინტერაქტიული, საინტერესო და მიმზიდველი ონლაინ კურსის ჩატარებას.
  • რესპონდენტი ქალების 30-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ელექტრონული სწავლა სამუშაოს, პროფესიული განვითარებისა და ოჯახის მოვალეობების შეთავსების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ფოკუს ჯგუფებში გამართულმა ჩაღრმავებულმა მსჯელობამ გამოააშკარავა, რომ საჯარო მოხელეები, უმეტესწილად ქალები, რომლებიც ოჯახის მოვლით არიან დაკავებულნი, ონლაინ სწავლებას დამატებით ტვირთად აღიქვამენ. 

კვლევა ჩატარდა 2020 წელს PMC კვლევითი ცენტრის მიერ საჯარო სამსახურის ბუროსთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით.