საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა. 2019

საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა. 2019

28 January 2021

წინამდებარე კვლევაში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოში.

კვლევისათვის გამოყენებული იყო როგორც ლიტერატურის მიმოხილვა, ასევე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 3 400 პირისპირ ინტერვიუ, ხოლო თვისებრივი კვლევის ფარგლებში 12 ფოკუს ჯგუფი და 20 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა.

წინამდებარე კვლევის მონაცემები შედარებულია 2017, 2015 და 2013 წლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევების შედეგებთან.

ძირითადი მიგნებები:

  • საჯარო საბავშვო ბაღებს ყველაზე ნაკლებად თბილისში (84%), ყველაზე მეტად კი, სოფლებში (94%) ენდობიან.
  • რესპონდენტების უმეტესობა (87%) კმაყოფილია საჯარო სკოლების ხელმისაწვდომობით, ყველაზე ნაკლებად კი, სამეურვეო საბჭოს საქმიანობით (66%).
  • მუნიციპალიტეტში პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა რესპონდენტთა 36%-ს აქვს, ტრანსპორტი კი სასწავლებლამდე გამოკითხულთა 76%-ის თქმით, მიდის.
  • პრიორიტეტულ პროფესიებს შორის რესპონდენტებმა ტურიზმი (38%), სამედიცინო სფერო (36%), მშენებლობა (36%), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა (32%) და ინფორმაციული ტექნოლოგიები (20%) დაასახელეს.
  • გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ არცერთი ტიპის სოციალურ დახმარებას არ იღებს არც თავად ან არც მისი ოჯახის წევრი.
  • რესპონდენტთა დაახლოებით ნახევარი არ ფლობს ინფორმაციას შემდეგი სერვისების არსებობის შესახებ: ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები (48%), მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა (39%) და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სოციალური საცხოვრისები (52%).
  • სამშობიაროს სერვისით მოსარგებლეთა 74%-სთვის სამედიცინო მომსახურების საფასური უმეტესად ხელმისაწვდომია.
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისით რესპონდენტები ყველაზე ნაკლებად თბილისში (86%) და ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში (96%) სარგებლობენ.
  • რესპონდენტთა უმრავლესობა, ვინც გაიკეთა პროფილაქტიკური აცრა, კმაყოფილია სერვისით (2017 – 98%, 2019 – 98%).
  • ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილებას გამოკითხულთა 49% აფიქსირებს, ხოლო, არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო გამოკითხულთა 35%-ია.

კვლევა მომზადებულია ACT Impact-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.