ვრცლად

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP


გენდერული თანასწორობა და განვითარება

გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას საქართველოში ქალთა გაძლიერებისა და ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მხარდასაჭერად. პროგრამის პრიორიტეტებია: (1) ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, (2) გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის აღმოფხვრა და (3) სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების განხორციელება. 2012 წლიდან პროგრამის ხელშეწყობით მოხდა არაერთი პოლიტიკური თუ საკანონმდებლო ინიციატივის, სათემო აქტოვობის, კვლევისა და საკომუნიკაციო კამპანიის მხარდაჭერა. 

ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP


გენდერული თანასწორობა და სოფლის განვითარება

საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ადგილობრივი ეკონომიკა სოფლად მცხოვრები ქალების მხრებზე დგას და ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალები აძლევენ ბიძგს იმ ტრანსფორმაციულ ცვლილებას, რომელიც მდგრად განვითარებას განაპირობებს. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს სქართველოს მიმდინარე სოფლის განვითარების რეფორმის განხორციელებაში. ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლის მოსახლეობისათვის თანასწორი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე.

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP


გენდერული თანასწორობა და ეფექტური ადგილობრივი მმართველობა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის სისტემური რეფორმის განხორციელებაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ქალების პოლიტიკური გაძლიერება ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ დგას გენდერული თანასწორობისა და გენდერული წარმომადგენლობის სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე - ქალების წარმომადგენლობა ადგილობრივ საკრებულოებში 14%-ზე ნაკლებია, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართული მოქალაქეების მაჩვენებელი 20% რჩება. 2013 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით დაარსდა საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი - ინფორმაციის გაცვლის, მონაწილეობისა და პროფესიული განვითარების პლატფორმა, რომელშიც გაერთიანდა ადგილობრივი თვითმმართველობის 200-ზე მეტი წევრი ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP


გენდერული თანასწორობა და კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ყველა სოციალურ ჯგუფზე, მაგრამ მისი ზემოქმედება სხვადასხვაგვარად აისახება ქალებსა და მამაკაცებზე. ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა, ქალის ტრადიციული როლი ოჯახსა და საზოგადოებაში მეტი რისკის ქვეშ აყენებს მათ და უფრო დაუცველს ხდის კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების წინაშე.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და სხვა ეროვნულ პარტნიორებს გაითვალისწინონ გარემოსდაცვითი მმართველობის გენდერული ასპეტქები გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისას. UNDP-ს პროგრამები - განახლებადი ენერგიების გამოყენება, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკების შემცირება, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, მწვანე ურბანული განვითარება და სათემო გარემოსდაცვითი ინიციატივები მიმართულია გარემოსდაცვით პროგრამებსა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის პრინციპების სისტემური ინტეგრირებისაკენ.