350 სოფლად მცხოვრები ქალი
დასაქმდა ადგილობრივ ბიზნესში პროფესიული განთლების მიღების შედეგად (2017)
ქალების მიერ შემუშავებული 41 ადგილობრივი პროექტიდან ოცდაორმა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ხოლო თოთხმეტმა ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო
ჩვენი საქმიანობა
საქართველოს კანონმდებლობა ასახავს გენდერული თანასწორობის ძირითად პრინციპებს და სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო ვალდებულებებთან. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ქვეყანა ჯერ კიდევ დგას გამოწვევების წინაშე პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საქართველოში ქალ პარლამენტართა რაოდენობა მხოლოდ 15%-ია, ქალების წარმომადგენლობა ადგილობრივ საკრებულოებში 14%-ზე ნაკლებია, ხოლო პირდაპირი წესით არჩეული 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. ასევე საგანგაშოა გენდერული სახელფასო სხვაობა (Gender Pay Gap), რომელიც საქართველოში 35%-ს შეადგენს, და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს საქართველოს გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. ჩვენი დახმარება მოიცავს ქალების ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებას და ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერას. UNDP-ის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მედიასთან ხელს უწყობს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას.