მშვიდობისა და სტაბილურობისათვის
მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და 2008 წელს განვითარებულმა კონფლიქტებმა მძიმე მემკვიდრეობა და მრავალი გადაუჭრელი პრობლემა დაუტოვეს საქართველოს. 275 ათასი დევნილი, ათასობით დაღუპული, გახლეჩილი საზოგადოება და ადამიანებს შორის დაკარგული ნდობა. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებზე ზრუნვა და ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების პირობებში, საქართველო რეგიონის ერთერთი წარმატებული რეფორმატორი სახელმწიფოა, რომლის ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბიზნეს გარემო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სიმწიფის ხარისხი სამაგალითოა მეზობელი ქვეყნებისათვის. თუმცა, ამ წარმატებული და მშვიდობიანი განვითარების კონსოლიდირებასა და მისი დივიდენდების ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები ართულებს. მათ შორისაა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის კვლავაც გადაუჭრელი პრობლემები და ამ საკითხში გრძელვადიანი ხედვის ნაკლებობა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამოწვევები.
მშვიდობა. ადამიანის უსაფრთხოება. ჰუმანიტარული დახმარება. აღდგენა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კონფლიქტის ყველა მხარის სანდო პარტნიორია, რასაც ჩვენი მიუკერძოებლობა და საერთაშორისო რეპუტაცია განაპირობებს. UNDP-ის საქმიანობა მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ დახმარებასა და კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციას, ასევე კონფლიქტის გარდაქმნისა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობას. კონფლიქტის რეგიონებში UNDP უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობს. ჩვენი ყურადღების უმთავრესი საგანი ადამიანები და მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებია. UNDP ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება.