სწრაფი და ცნობისმოყვარე: UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია ახლა უკვე საქართველოში

18 February 2021

ფოტოს ავტორი: ბექა კოკაია/UNDP

“პანდემიის დროს, ჩვენი მიმდინარე საქმიანობა კრიზისის ფონზე წარმოქმნილ საჭიროებებს მოვარგეთ, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ადამიანებთან, რომელთა ცხოვრების გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მიზანია. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ მათ საჭიროებებს, თუმცა ეს ცოდნა სრულიად განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს მაშინ, როდესაც მათ სახლებში ვსტუმრობთ და არსებულ პრობლემებს საკუთარი თვალით ვხედავთ”, - წერს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, 2020 წლის შემაჯამებელ წერილში.

ჩვენ, ახლად დაარსებული სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გუნდი, ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რატომ გახსნა UNDP-იმ თავისი ახალი, მოქნილი, ქმედებაზე ორიენტირებული ლაბებიდან ერთ-ერთი საქართველოში.

ამ ბლოგში შევეცადეთ მოკლედ აგვეღწერა, თუ რას წარმოადგენს სწრაფი განვითარების ლაბორატორია და რატომ არის მისი არსებობა დღეს აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. გვინდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს განვითარება ქართულ რეალობაში.

ბევრი ჩვენგანი კარგად იცნობს სახელმწიფო და კერძო აქსელერატორებს, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ. ეს ინიციატივები, ძირითადად, ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მეწარმეობისა და სტარტაპების ხელშეწყობას ემსახურება. UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია კი თავად განვითარების აქსელერაციისათვისაა შექმნილი.

2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ სწრაფი განვითარების ლაბორატორიათა გლობალური ქსელი დაარსა, რომლის მიზანია ადგილობრივი, ინოვაციური გადაწყვეტების გამოვლენა, ტესტირება და განვითარება.

ახლადდაარსებული ქსელისთვის 2020 წელი ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. გლობალურმა კრიზისმა აქამდე უცნობი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები. სწრაფი განვითარების ლაბორატორიებმა, მცირე, მოქნილი გუნდების მეშვეობით სწრაფად დაიწყეს გადაწყვეტების ძებნა. ამან ხელი შეუწყო UNDP-ის შედარებით სწრაფად და მარტივად გადასულიყო ახალი გარემოებებით ნაკარნახევ მუშაობის სტილზე და დროულად ემოქმედა ადგილობრივი თემების დასახმარებლად. წელს, საქართველოც შეუერთდა 91 ლაბორატორიისგან შემდგარ ქსელს, რომელიც მსოფლიოს 116 ქვეყანას ემსახურება.

ზემოთ აღნიშნული ამბიციური მიზნის მისაღწევად ლაბი სამი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით მოქმედებს: კვლევა, გადაწყვეტების იდენტიფიცირება და ექსპერიმენტები.

ერთად, ჩვენ ვცდილობთ შევისწავლოთ აქტუალური პრობლემები და დავინახოთ შესაძლო გამოწვევები მომავალში; უახლესი მიგნებებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოვიფიქროთ მათი გადაჭრის ახლებური გზები და გამოვავლინოთ ადგილობრივი და, რაც მთავარია, ფუნქციონირებადი და განვითარების პოტენციალის მქონე გადაწყვეტები. ეს შეიძლება იყოს ახალი მუნიციპალური სერვისი, როგორიცაა მოწყვლადი ჯგუფებისათვის შინმოვლის მომსახურება, კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ შექმნილი თამაში, ან ხანძრების პრევენციისთვის ძველი, მაგრამ კარგად ნაცნობი კომპოსტირება.

როგორ აგროვებენ ლაბები იდეებს? ჩვენი ამოსავალი წერტილია 2030 წლის დღის წესრიგი: 17 მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც ადამიანის არსებობის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს. პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება: ყოველი 100-დღიანი მონაკვეთისთვის, თითოეული ლაბი მუშაობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადგილობრივი თემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემული პერიოდისათვის.

საქართველოს შემთხვევაში, პირველი 100-დღიანი ციკლი, რომელიც სრულდება 2021 წლის მარტის ბოლოს, ეთმობა სამ ძირითად შეკითხვას.

პირველი, როგორ გავაუმჯობესოთ უკვე არსებული ელექტრონული მუნიციპალური სერვისები, რათა ეს მომსახურება მისაწვდომი გახდეს დაცილებული და რთულად მისადგომი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

მეორე, როგორ დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირების პროცესი მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

და მესამე, როგორ მივაწოდოთ მოსახლეობას კლიმატის ცვლილების შესახებ დაგროვილი მონაცემები მარტივად და გასაგებად და ამით ხელი შევუწყოთ ადამიანების ქცევის შეცვლას.

100-დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, ჩვენ გვექნება მზა პასუხები და გადაწყვეტები, რომლებსაც შემდგომი განვითარებისთვის გამოვიყენებთ. ან, შესაძლოა, პროცესმა დაგვანახოს თუ რა დამატებითი საკითხებია უფრო პრიორიტეტული ახალი სიღრმისეული კვლევებისთვის.

100-დღიანი ციკლი ნამდვილად უჩვეულოა განვითარების ორგანიზაციისთვის, რომელიც ბევრად მსხვილი დროითი მონაკვეთებით ოპერირებს. ეს მოკლე ციკლი უნდა აღვიქვათ როგორც ერთგვარი ეტაპი, რომლის გასვლის შემდეგ შეგვიძლია შევჩერდეთ და გავაანალიზოთ შესრულებული სამუშაო. ეს საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, რამდენად მართებულია მიმდინარე ინიციატივის შემდგომი მხარდაჭერა და რამდენად მიზანშეწონილია ადამიანური თუ ფინანსური რესურსის გამოყენება.

თუ პროექტი წარუმატებელია, ჯობს, ეს მალევე გამოვლინდეს, რადგან მდგრადი განვითარების მიზნებისა და ჩვენი ეროვნული სტრატეგიებით გათვალისწინებული ამოცანების მისაღწევად დაწესებულ ვადამდე (2030 წელი), 10 წელზე ნაკლები დარჩა და დასაკარგი დრო არ გვაქვს. თანაც, არასტაბილურ და რთულად პროგნოზირებად ათწლეულში ტრადიციული ვადები და მეთოდები საკმარისი აღარაა.

ჩვენი მისიაა დავძლიოთ მითები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს განვითარებას.

მითი 1: „არ გვაქვს მონაცემები“

„მონაცემთა ნაკლებობის გამო...“ ამ ფრაზას აწყდება ყველა, ვინც განვითარების სექტორში მუშაობს. შევთანხმდეთ, რომ მონაცემთა შეგროვების არსებულ სისტემაში გასაუმჯობესებელი ბევრია. ეს განსაკუთრებით მწვავედ ჩანს ადგილობრივ დონეზე, სადაც განვითარების ინიციატივები უშუალო და ხელშესახებ გავლენას ახდენს ადამინების ცხოვრებაზე.

სწრაფი განვითარების ლაბორატორია არ შექმნილა ტრადიციული კომპლექსური კვლევების განსახორციელებლად. პირიქით, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ მოვლენების სწრაფი ანალიზი, აღმოვაჩინოთ ალტერნატიული მონაცემები და მეთოდები და შევქმნათ საკმარისი მტკიცებულება გადაწყვეტილების მისაღებად.

ამისთვის, შესაძლოა, სხვაგვარად დავსვათ კვლევითი კითხვა და ისეთი პასუხი მივიღოთ, რომელიც ქმედების შესაძლებლობას მოგვცემს. მაგალითად, ფუნქციური რეგიონის (ტერიტორია, რომელიც წარმოიქმნება მჭიდრო ეკონომიკური აქტივობისას და ცდება ადმინისტრაციულ საზღვრებს) კონტურების გავლება საშუალებას გვაძლევს უკეთ ვმართოთ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. ტრადიციულად, ასეთ რეგიონებს ადგენენ მიკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიზით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლის დატვირთულობითაც შესაძლებელია ფუნქციური რეგიონის საზღვრების დადგენა, რაც ნაკლებად ზუსტი, მაგრამ ბევრად სწრაფი და იაფი მეთოდია. ეს მაგალითი აჩვენებს, როგორ შეიძლება კვლევითი კითხვა - სად არის ფუნქციური რეგიონის საზღვრები? გადავიაზროთ და ჩავანაცვლოთ კითხვით - რა ქმედებები განაპირობებს ფუნქციური რეგიონის საზღვრებს? სწორედ ამას ვეძახით “მონაცემთა აღმოჩენას”.

მითი 2: „ექსპერტებმა უკეთ იციან“

შესაძლოა, ვერასოდეს გავიგოთ, ვინ მოიგონა ლიფტის ხურდით მუშაობის სისტემა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა 2000-იანი წლების საქართველოს მედეგობისა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისთან ადაპტაციის ერთგვარი სიმბოლოა.

სწრაფი განვითარების ლაბორატორიაში, ჩვენ ვეძებთ და ვაკვირდებით საზოგადოებიდან წამოსულ ისეთ გადაწყვეტებს, რომლებიც იმ ადამიანებმა შექმნეს, ვინც თავად შეეჩეხა ამა თუ იმ პრობლემას და თვითონვე მოიფიქრა მისი გადაჭრის პრაქტიკული გზა. მსგავსი გადაწყვეტები თავად ადამიანების მოგონილია და, შესაბამისად, უკეთ მუშაობს.

ჩვენ ამ პროცესს „გადაწყვეტების იდენტიფიცირებას“ ვეძახით. ის გულისხმობს ადგილობრივი გამომგონებლების, საზოგადოებრივი ინიციატივებისა და ტრადიციული ცოდნის პრაქტიკულ კვლევას.

როგორც ჩემი ურბანული დიზაინის ლექტორი იტყოდა - „თუ პარკში ახალი ბილიკის დაგება გსურს, ადამიანების ნაკვალევს დააკვირდი და ბილიკი იქ გაიყვანე. სწორედ ეს იქნება ყველაზე მოსახერხებელი გზა, რომელიც ხალხმა თავად შეარჩია, რაც არ უნდა ლამაზი უნდა იყოს შენს მიერ შერჩეული სხვა მარშრუტი“.

მითი 3: „ეს საქართველოში ვერ იმუშავებს“

საქართველო ცნობილია საჯარო ინსტიტუტების გამბედავი და ამბიციური რეფორმებით. მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს საზოგადო სკეპტიციზმი ამ ცვლილებების მიმართ.  „ღვედები ქართველი მძღოლებისათვის? არასოდეს!“, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ ღვედის ტარება ჩვევად ჩამოგვიყალიბდა.

ყველაფერი იცვლება, ამიტომ პერიოდულად ჩვენც უნდა მოვსინჯოთ, რა ცვლილებებია მისაღები საზოგადობისთვის, რამდენად მზად ვართ ახლებურად შევხედოთ ამა თუ იმ საკითხს და შევცვალოთ ჩვენი ქცევა. ამისათვის, სწრაფი განვითარების ლაბორატორია ატარებს ექსპერიმენტებს - მცირე საპილოტე პროექტებს - რომ გავიგოთ, რა მუშაობს და რა არა, სანამ ეს მსხვილ პროექტად ან პოლიტიკად გადაიქცევა. ამით დავზოგავთ როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსს.

ჩვენი მიზანია, დავამსხვრიოთ მითი, რომ საქართველოში ყველაფერი მსხვილი და მასშტაბური ცვლილებებით უნდა დაიწყოს. ჩვენი მისიაა, ვაჩვენოთ, რომ პროგრესი შეიძლება დაიწყოს მცირე, მაგრამ სწორად მიმართული ცვლილებებით. და ყოველთვის არაა აუცილებელი გვქონდეს პასუხი კითხვაზე “რა არის შენი გენგეგმა”.

ამის მიღწევას სწრაფი განვითარების ლაბი გეგმავს ერთად, ადგილობრივი თანამშრომლობის ქსელის გაფართოვებითა და “განვითარების წინა ხაზზე” მყოფ ინსტიტუტებთან და პროექტებთან თანამშრომლობით. ჩვენ ვეძებთ ახალ პარტნიორებს ყველა სფეროსა და სექტორიდან.

დაინტერესდით? მაშინ გელოდებით ჩვენი ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე 12 მარტს. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.