ღვინის გზა რაჭისკენ

26 July 2018

იზოლდა დვალი. ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

ღვინის ახალ სეზონს იზოლდა დვალი ლალისფერი ხვანჭკარის ჭიქით ადღეგრძელებს. ,,ვიმედოვნებ, რომ წელს ბევრი სტუმარი გვეყოლება. რაჭაში გზის მოშორებით ვართ, როგორც ხედავთ“.

მაღალმთიანი რაჭა ულამაზესი, მაგრამ ღარიბი მხარეა. ბოლო 20 წლის მანძილზე რეგიონი მოსახლეობის ნახევარმა მიატოვა და სამუშაოსა და უკეთესი ცხოვრების ძიებაში ქალაქებს მიაშურა. რაჭის მაცხოვრებელთა ერთ მესამედზე მეტმა 65 წელს გადააბიჯა, ხოლო ამ თვითნაბადი სილამაზისა და იშვიათი ღვინით სახელგანთქმული მხარის ეკონომიკა წლების მანძილზე შემცირდა და ჩამორჩა. ტურიზმის განვითარების ახალმა ტალღამ რაჭველებს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების, დასაქმებისა და რაჭის აღორძინების იმედი გაუჩინა.

„საქართველოში ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა. ტურიზმი თუ რაჭას სიღარიბიდან ამოიყვანს და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ მიწა-წყალზე დააბრუნებს, ეს ჭეშმარიტად ღვთის მადლი იქნება“, - ამბობს იზოლდა.

იზოლდას საოჯახო სასტუმრო ერთ-ერთია იმ მცირე ბიზნესებს შორის, რომლებიც რაჭის სოფლებში ბოლო დროს მრავლად გაიხსნა. უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის, ხელუხლებელი ლანდშაფტების, გემრიელი კერძებისა და საუცხოო ღვინის წყალობით რაჭა სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს.

„ეს ვენახები ახალია“, - ამბობს იზოლდა და მიმდებარე  ბორცვებზე მიგვითითებს. „სულ ერთი-ორი წლის წინ გაშენდა. მანამდე მიწა მიტოვებული იყო, რადგან მის დამუშავებას აზრი არ ჰქონდა. ადგილობრივი მოსახლეობა ღვინოში ძვირს ვერ გადაიხდის და მოგებას ვერ დაგიტოვებს“.

ტურისტების მოზღვავებამ რადიკალურად შეცვალა რაჭული ღვინის ბაზარი. იზოლდას უნიკალური ხვანჭკარის ბოთლში სტუმრები 10 ევროსაც სიამოვნებით იხდიან.

ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

უკანასკნელ წლებში საქართველომ ტურისტული დანიშნულების სახელი დაიმკვიდრა. საერთაშორისო ჩამოსვლების რიცხვმა 2017 წელს რეკორდულ 7.9 მილიონს მიაღწია და ეს მაჩვენებელი კვლავაც იზრდება. ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის  10%-ს შეადგენს, თუმცა ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ჯერაც აღდგენის პროცესშია, სტუმრების მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია.  ტურისტების ნაკადი თანდათან ისეთ შორეულ კუთხეებშიც  აღწევს, როგორიც რაჭაა, რაც რეგიონს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

„საუკეთესო ღვინო და ულამაზესი ხედები არაფერს ნიშნავს, თუ ტურისტებს შენს შესახებ ინფორმაცია არა აქვთ და სტუმრის დახვედრა და მომსახურება არ იცი. ამ მხრიც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ“, - ამბობს ღვინის მწარმოებელი, ნანიკო ნემსიწვერიძე.

ნანიკომ 30 წელი თბილისში გაატარა, ახლი კი მშობლიურ სოფელს  დაუბრუნდა და მამა-პაპისეული სახლი და ვენახი სასტუმრო ბიზნესად აქცია.

საოჯახო სასტუმროს მართვის საფუძვლები ნანიკომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტრენინგზე შეისწავლა. შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მიერ დაფინანსებულ სასწავლო კურსში მასთან ერთად საოჯახო სასტუმროების თხუთმეტმა სხვა მფლობელმაც მიიღო მონაწილეობა. 

ნანიკო ნემსიწვერაძე. ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

„რაჭაში დაბრუნება და ჰოსტელის გახსნა რომ გადავწყვიტე, ამ ბიზნესზე არაფერი ვიცოდი. ტრენინგზე მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგებლო ცოდნა მივიღე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვერგო სტუმრების მოთხოვნებს, როგორ გამოვიყენო ონლაინ დაჯავშნის პოპულარული ვებ-გვერდები. შედეგიც სახეზეა - ორჯერ მეტი სტუმარი მყავს, ვიდრე ორი წლის წინ, და შემოსავალიც მუდმივად იზრდება“,- ამბობს ნანიკო.

ბრიტანელი ნიკოლ ფაუკსი ამბროლაურის ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში ისვენებს. მისი მეპატრონე, ნატო სილაგაძე, სასტუმრო მომსახურების ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილეა. ნატოს თქმით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა საოჯახო რესტორნის გამართვაში დაეხმარა. ნატოს რესტორანმა რაჭაში სახელი გაითქვა და მას სულ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი აკითხავს.

სანამ ნატო ყავას გვიდუღებს, ნიკოლი რაჭის ტურისტულ მომავალზე გვესაუბრება.

„ღვინის გზა ზღაპრულია. თითოეულ სოფელს საკუთარი, უნიკალური ჯიშის ყურძენი აქვს. გარშემო იმდენი სანახაობაა - უძვლესი ნანგრევები, კოშკები, მთების წიაღში მიმალული ტბები და ჩანჩქერები. მაგრამ ტურისტულ რუკებზე ეს ყველაფერი არ ჩანს. არც სალაშქრო ბილიკებია მითითებული, არც ღირშესანიშნაობების ელექტრონული რუკები არსებობს. ამის გარეშე ტურიზმი ვერ განვითარება. რუკის გადმოწერა პირველია, რასაც ყველა თანამედროვე ტურისტი აკეთებს“, -  აღნიშნავს ნიკოლი.

ამბროლაურის მერი, ზვიად მხეიძე, ამბობს, რომ ტურიზმის განვითარება მისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. "მაღალმთიანი სოფლები ცარიელდება. ტურიზმი ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი გზაა. ადგილობრივ თვითმმართველობას მეტის გაკეთება შეუძლია ტურიზმის განვითარებისათვის. მაგრამ ამისთვის მეტი რესურსი და კომპეტენცია გვჭირდება", - ამბობს ზვიად მხეიძე.

საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციასა და მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსების გაზრდას ისახავს მიზნად. რეფორმის ეროვნული ხედვის თანახმად, მომავალი 10 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ფინანსური რესურსი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 7%-ს უნდა გაუტოლდეს.

რეფორმის წარმატებით განხორციელებას საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს, მათ შორის, დანიის მთავრობის, რომელიც, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს. პროექტის ხელს უწყობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, გააუმჯობესონ საზოგადოებრივი სერვისების ხარისხი და სრულფასოვნად შეასრულონ რეგიონული თუ მუნიციპალური განვითარების გეგმები, რომლებიც მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს ეყრდნობა. რაჭის შემთხვევაში, ეს პირველ რიგში ტურიზმის განვითარებაა.  

„ვოცნებობ ისეთ რაჭაზე, სადაც ყველა სახლი ბავშვების სიცილით აივსება“, - ამბობს იზოლდა დვალი. ისევე როგორც რეგიონის ბევრ სხვა მაცხოვრებელს, იზოლდასაც იმედი აქვს, რომ ტურიზმი არა მარტო სტუმრებს მოიზიდავს, არამედ რაჭველებსაც სახლში დააბრუნებს.