თემატური მოკვლევების დანერგვა ეფექტიანი საპარლამენტო საქმიანობისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ თემატური მოკვლევის პრაქტიკის დანერგვას საქართველოს პარლამენტში

27 March 2019

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

დღეს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევების დანერგვის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ბრიტანული ორგანიზაციის „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ (WFD) ხელშეწყობით. შეხვედრის მსვლელობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თემატური მოკვლევების დანიშნულება, უპირატესობები და შესაბამისი პროცედურები გააცნო.

„თემატური მოკვლევების მეშვეობით საქართველოს პარლამენტი საზოგადოებასთან დიალოგს  უფრო ეფექტიანად წარმართავს და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების შესახებ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენელმა საქართველოში, ბორის ნადირაძემ, წარადგინა „საპარლამენტო თემატური  მოკვლევის გზამკვლევი, რომელშიც ვესტმინსტერის მოდელის გამოყენებით შეიქმნა. გზამკვლევში აღწერილია მოკვლევის სრული ციკლი - თემის შერჩევა, ოფიციალური გამოცხადება, დასაბუთებული ინფორმაციის შეგროვება, ზეპირი მოსმენების ჩატარება და ანგარიშის წარდგენა. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ელექტრონული გზამკვლევის შესახებ გადაღებული გრაფიკული ვიდეო-რგოლის ჩვენება.

„თემატური მოკვლევა საპარლამენტო ზედამხედველობის მძლავრი მექანიზმია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს პარლამენტარებს“, - აღნიშნა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში. „UNDP და შვედეთის მთავრობა მოხარულები არიან ხელი შეუწყონ საქართველოს პარლამენტს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაში“.

ახალი რეგლამენტის თანახმად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო, იხვეწება საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია და მისი განხორციელების მექანიზმები. სავალდებულო თემატური მოკვლევები ამ ახალი პროცედურების ნაწილია.

საპარლამენტო მოკვლევის პილოტირება 2018 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა განახორციელა. საპილოტე მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარდა. 2019 წლის მარტისთვის საქართველოს პარლამენტში უკვე ექვსი თემატური მოკვლევა მიმდინარეობს.

საკონტაქტო ინფორმაცია