საქართველოში საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა დაინერგა

საქართველოს საჯარო მოხელეების პროფესიული საქმინაობა ობიექტური კრიტერიუმებით შეფასდება.

8 February 2019

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2019 წლის 8 თებერვალს გაიმართა კონფერენცია საქართველოს საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვისა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოთხმოცზე მეტმა წარმომადგენელმა. საჯარო მოხელეთა შეფასების  მოდელების უპირატესობებზე და მათ დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე  მოწვეულმა ექსპერტებმა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკატერინე ქარდავამ - საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ნათია ზედგინიძემ - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, და გიგი ბრეგაძემ - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა.  

ეკატერინე ქარდავამ ხაზი გაუსვა, რომ შეფასების  სისტემა მეტ შესაძლებლობას იძლევა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.

„საჯარო უწყებების წარმატება მათი თანამშრომლების წარმატებას უკავშირდება. შეფასების მოდელების დანერგვის შედეგად, საჯარო მოხელეთა საქმიანობა ობიექტური კრიტერიუმებით შეფასდება. მაგალითად, იმ კონკრეტული ამოცანებისა და მიზნების მიღწევით, რომლებიც ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვრება“, - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა.

UNDP-ის წარმომადგენელმა, გიგი ბრეგაძემ, აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში მიმდინარე ცვლილებები საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელია.

„საჯარო სამსახურში შეფასების სისტემის დანერგვა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის ყველაზე რთულია საჯარო მოხელეთა დამოკიდებულების შეცვლა და სისტემური ცვლილების მიღწევა. მიუხედავად ამისა, ეფექტიანი სისტემის დანერგვისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია”, - თქვა მან.

საჯარო მოხელეთა შეფასების ობიექტური და ეფექტიანი სისტემის დანერგვა გათვალისწინებულია საქართველოს კანონით საჯარო სამსახურის შესახებ და 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა ყველა საჯარო უწყებისათვის.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთი მთავრობა ხელს უწყობენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება.

2017 წელს, UNDP-მ, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო პარტნიორ უწყებებში საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემების დანერგვის ხელშეწყობა. 2017 წლიდან დღემდე  13 პარტნიორი უწყების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა განხორციელდა. გარდა ამისა, საქართველოს საჯარო უწყებებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები და სემინარები, რომელთა მსვლელობაში შეფასების პროცედურები და შესაბამისი დოკუმენტაცია შემუშავდა.

საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვა ხორციელდება საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის განვითარებას ისახავს მიზნად. UNDP-სა და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერა რეფორმის რამდენიმე საკვანძო მიმართულებას, მათ შორის საჯარო სამსახურის განვითარებას მოიცავს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ირინე სულავა, UNDP საქართველო, irine.sulava@undp.org, +995 599 579105
  • ეკატერინე სირაძე, საჯარო სამსახურის ბიურო, esiradze@csb.gov.ge, +995 577 244599