საქართველოს საჯარო მოხელეები ახალ ცოდნას იძენენ საჯარო პოლიტიკის შემუშავების საკითხებში

საჯარო მოხელეების დაჯილდოების ცერემონია, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო კურსი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით

26 March 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

170-ზე მეტმა საჯარო მოხელემ წარმატებით დაასრულა სასწავლო კურსი „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა. სასწავლო კურსის ხელშემწყობები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა. 2019 წლის 26 მარტს გაიმართა კურსდამთავრებული საჯარო მოხელეებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომელსაც საქართველოს საჯარო სამსახურის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური ინსტიტუტებისა და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.

ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა; გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა; ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის პროექტების მენეჯერმა, თამარ ტრაპაიძემ და საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი“ პარტნიორმა, გიორგი სიმონგულაშვილმა.

“მთავრობის მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება მნიშნველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ზუსტად ვიცოდეთ განვითარების ტემპი, მთავრობის საქმიანობის შედეგები და გამოწვევები,” - აღნიშნა თქვა კახა კახიშვილმა.  

სასწავლო კურსი ჩატარდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და პასუხობს „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის“ ექვსი მიმართულებიდან ერთ-ერთს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია.

„ვულოცავთ დღევანდელ კურსდამთავრებულებს ტრენინგის წარმატებულ დასრულებას,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. „საჯარო მოხელეების გაზრდილი პროფესიონალიზმი ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებას და მისი განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას.  მოხარული ვარ, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რომელიც საქართველოს საჯარო სამსახურის ამბიციური რეფორმის ხელშეწყობის ნაწილია“.

საჯარო მოხელეთა ტრენინგი ჩატარდა სამი ორგანიზაციისაგან შემდგარი კონსორციუმის მიერ: Public Administration International (PAI), ჯი-ი-სი (GEC) და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC). ტრენინგები მიმდინარეობდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე.

სასწავლო კურსის პროგრამა შემუშავდა კონსორციუმის მიერ ჩატარებული საჭიროებების შეფასების საფუძველზე და მიზნად ისახავდა საქართველოს სამინისტროების შესაძლებლობების გაძლიერებას სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. გარდა ამისა, ტრენინგი ემსახურებოდა სამინისტროების საჯარო პოლიტიკის ერთეულების წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების დაძლევას, როგორებიც არის პოლიტიკის დაგეგმვისა და საკოორდინაციო მექანიზმების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებული დონე საჯარო სამსახურში და სუსტი კავშირი პოლიტიკის დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და განხორციელების პროცესებს შორის. გარდა ტრენინგისა, სამინისტროების თანამშრომლებს ექსპერტები უწევენ კონსულტაციას მაღალი ხარისხის პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში ხელშეწყობის მიზნით.

სასწავლო კურსის მოდული დაეხმარება უწყებებს, თანმიმდევრულად და პროფესიონალურად გამოიყენონ პოლიტიკის ციკლის მართვის ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა შექმნაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს მთავრობას მათი ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ბაია ცანავა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, btsanava@gov.ge, +995 599 750175
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ირა სულავა, UNDP საქართველო, irine.sulava@undp.org, +995 599 579105