იუსტიციის სახლში ერთიანი შეფასების ევროპული სისტემა დაინერგება

UNDP და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ იუსტიციის სახლში ხარისხის მართვის ევროპული მოდელის დანერგვას.

8 May 2019

Photo: Ana Gujabidze/UNDP

იუსტიციის სახლი პირველი ორგანიზაციაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც ევროკავშირში შექმნილ და აპრობირებულ ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს. ერთიანი შეფასების სისტემის (Common Assessment Framework, CAF) დანერგვა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. 

ერთიანი შეფასების სისტემის (СAF) დანერგვის შუალედური შედეგების წარდგენა 2019 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, უმასპინძლა.

CAF სისტემის დანერგვის შუალედური შედეგების წარდგენას დაესწრნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი, და ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელი, სუზი სტერნი. ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა CAF სისტემის ექსპერტებმა - ნიკ თიისმა და გიორგი ვაშაკიძემ.

“საქართველო ინარჩუნებს შთამბეჭდავ წარმატებას საჯარო სამსახურის რეფორმის საქმეში“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „ახალი მოდელის შემოღება, რომლის დანერგვა შესაძლებელია საჯარო სექტორის ყველა უწყებაში, ხელს შეუწყობს ამ პროცესის გაგრძელებას და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას“.  

„საჯარო სექტორის თვითშეფასება და სერვისების ხარისხის გაზრდა საჯარო მმართველობის მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. “საჯარო უწყებების საქმიანობის თვითშეფასება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური ოპერაციები და ინოვაციების დანერგვა, ხელს შეუწყობს მოქალაქეზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისების განვითარებას და მათი ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას”.

ერთიანი შეფასების სისტემა (СAF) სპეციალურად საჯარო სექტორისთვის შემუშავდა. ევროკავშირის ქვეყნებში მას 4500-მდე საჯარო უწყება იყენებს, ხოლო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი დანერგვა და გამოყენება საქართველოს იუსტიციის სახლით დაიწყება.

იუსტიციის სახლში CAF სისტემის დანერგვა 2019 წლის იანვარში დაიწყო და ამავე წლის ზაფხულში დასრულდება. სისტემის პილოტირება მენეჯმენტისა და თანამშრომლების ერთობლივ აქტივობებს გულისხმობს, ხოლო მის განხორციელებაში ყველა რგოლის თანამშრომელი ჩაერთვება.

იუსტიციის სახლმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს და კონსულტაცია გაუწიოს ყველა ორგანიზაციას, რომელიც, მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, CAF სისტემის დანერგვას დაიწყებს. 

საკონტაქტო ინფორმაცია