საქართველო იწყებს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებას

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), შვეიცარიის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომების გატარებას, რომლებიც 1.7 მილიონ ადამიანს წყალდიდობებისგან, გვალვისგან და სხვა კლიმატური კატასტროფებისაგან დაიცავს

18 February 2019

საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან. ფართომასშტაბიანი პროგრამის დაფინანსებაში  გაერთიანებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ხოლო მისი უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის საჯარო წარდგენა 19 თებერვალს გაიმართა.

ღონისძიება გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი პროგრამის განხორცილების შედეგად საქართველოში შეიცვლება ეროვნული მიდგომები კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ.

„თუ ადრე ჩვენ უკვე მომხდარ კატასტროფებზე რეაგირება გვიწევდა, ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად გაიზრდება ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობები კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. „გარდა ამისა, შეიქმნება ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები, რაც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზების 1.7 მილიონიან მოსახლეობას დაიცავს“.

„საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგები“, - თქვა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში. „ამინდის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ბუნებრივი კატასტროფები გარდაუვალი არ უნდა იყოს. ჩვენი ახალი პროგრამა საკმარის რესურსებს იძლევა პოლიტიკისა და სისტემების განსავითარებლად, მოსახლეობის მოსამზადებლად და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რის შედეგადაც ექსტრემალური ამინდი ბუნებრივ კატასტროფაში აღარ გადაიზრდება“.

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა ისაუბრა საქართველოსა და შვეიცარიის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაციისა და მთის მდგრადი განვითარების საქმეში. მან ხაზი გაუსვა ამ პარტნიორობის მნიშვნელობას შვეიცარიისათვის.

„საქართველო და შვეიცარია მთაგორიანი ქვეყნებია და კლიმატის ცვლილებმა მათზე, შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს. კლიმატური ცვლილებების მიმართ ადაპტაცია დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაუმკლავდნენ შედეგებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ძალისხმევას ზურგს შესაბამისი პოლიტიკა უმაგრებდეს. ამ მხრივ, ჩვენი მიზანია გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აისახება ეფექტურ პოლიტიკასა და კონკრეტულ ქმედებებში,“ - აღნიშნა შვეიცარიის ელჩმა.

ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომებს არ გაატარებს, ქვეყნის ზარალი მომავალი ათწლეულის მანძილზე 12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. დაუყოვნებელი ქმედების შედეგად ასეთი ზარალი თითქმის 90 პროცენტით შემცირდება.

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამა ასევე პირდაპირ შეუწყობს ხელს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას. პროგრამის შედეგებს შორისაა კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება (გლობალური მიზანი 13), მდგრადი ურბანული განვითარება (მიზანი 11) და ათასობით ადამიანის დაცვა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში, მათ შორის მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში (მიზნები 1, 2 და 10).

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org