დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისათვის

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოში მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას

20 February 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას ემსახურება. საქართველოს მთავრობასთან, სასამართლო სისტემასთან, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირი და UNDP ხელს შეუწყობენ კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიულ განვითარებას, საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ახალი ინიციატივის საჯარო წარდგენა 2019 წლის 20 თებერვალს გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების  საქმეში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა.

„ხარისხიანი და სანდო მედიაციისა და არბიტრაჟის არსებობა მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ახალი ინიციატივა 2016-2018 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის შედეგებს ეყრდნობა. მის ფარგლებში გაგრძელდება მედიაციისა და არბიტრაჟის ეროვნული ასოციაციების ხელშეწყობა და მედიატორებისა და არბიტრების პროფესიული განვითარება. გარდა ამისა, ევროკავშირი და UNDP ხელს შეუწყობენ შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ბიზნესის განვითარებას. მედიაციისა და არბიტრაჟის ხელშეწყობა ამ უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ.

„ნდობის მშენებლობა ეფექტიან და სამართლიან იურიდიულ მომსახურებას ეფუძნება, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს“, - თქვა ლუიზა ვინტონმა, UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში. „მოქალაქეები და ბიზნესი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ დავების შემთხვევაში სამართალს იპოვიან. სასამართლო სისტემასთან ერთად, მედიაცია და არბიტრაჟი მნიშვნელოვანი ხელსაწყოებია, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია კონფლიქტების ურთიერთმომგებიანი მოგვარება გაჭიანურებული სასამართლო პროცედურისა და ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე“.

საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერის ახალი  ფაზა 2019-2020 წლებში განხორცილდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 850 ათასი ევროა. პროგრამა შესრულდება ევროკავშირის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის EU4Business ფარგლებში და წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu