ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლებას

„მართლმსაჯულების პროგრამის“, EU4Justice, 2016-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეჯამება

22 January 2019

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ყოველ წელს, საქართველოს 45 ათასი მოქალაქე იღებს უფასო იურიდიულ დახმარებას. 2,400-მა ადვოკატმა გაირა ტრენინგი სამართლის სხვადასხვა საკითხში, გაღრმავდა საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში - ასეთია საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის შედეგები, რომელთა მიღწევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებამ განაპირობა. 2016-2018 წლებში განხორციელებული პროგრამის შეჯამება 2019 წლის 23 იანვარს გაიმართა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ათწლიანმა ხელშეწყობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში. ჩვენი დახმარება ხორციელდებოდა როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირი გადარიცხვების სახით, ასევე სხვადასხვა პროექტის განხორციელების მეშვეობით“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ. „გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად განხორციელებულმა პროექტმა ბევრი კონკრეტული შედეგი გამოიღო და საგრძნობლად შეუწყო ხელი საქართველოს მოქალაქეების  იურდიული დახმარებისა და მომსახურების ხარისხის გაზრდას“, - აღნიშნა მან.

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა, ბოლო წლების მიღწევებზე და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

2007 წლიდან დღემდე, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური 330 ათას ადამიანს დაეხმარა, ხოლო სამსახურის ადვოკატებმა სასამართლო წარმომადგენლობა 123 ათასზე მეტ საქმეზე გასწიეს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კომპლექსური დახმარების შედეგად გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრირებისა და მართვის სისტემები, შემუშავდა ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია, ადვოკატებმა, კონსულტანტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პროფესიული გადამზადება გაიარეს, დაინერგა დოკუმენტების ელექტრონული მართვის სისტემა „ქეის ბანკი“. დასრულდა ორი ბიუროს შენობის  ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე შეიქმნა ქოლ ცენტრი, რომელიც დღეში 50-მდე ადამიანს ემსახურება. განახლდა სამსახურის ვებგვერდი, რომლის ხმოვანი ვერსია ადაპტირებულია სუსტი და მხედველობის არმქონე პირებისათვის. იურიდიული დახმარების სამსახური სათავეში ჩაუდგა უფასო  იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა რეფერალურ  ქსელს, რომელიც სახელმწიფო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს აერთიანებს.  

2018 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურმა უმასპინძლა იურიდიული დახმარების სფეროში უდიდეს გლობალურ ფორუმს, საერთაშორისო კონფერენციას ILAC 2018 - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მესამე  საერთაშორისო კონფერენცია“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისტემური ხელშეწყობა მის ინსტიტუციურ და პროფესიულ განვითარებას ემსახურებოდა. ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარებით ადვოკატთა ასოციაციამ ოთხწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმა ჩაატარა, დოკუმენტების  ელექტრონული მართვის სისტემა დანერგა და უწყვეტი სამართლებრივი განათლების ფარგლებში იურისტების პროფესიული ტრენინგი განახორციელა.

„ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება დემოკრატიული გარდაქმნებისა და მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, მუნხტუია ალთანგერელმა. "ადამიანების ხარისხიანი სამართლებრივი მომსახურების საქმეში იურიდიული დახმარების სამსახური და ადვოკატთა ასოციაცია საკვანძო ორგანიზაციები არიან და ჩვენს ხელშეწყობას სწორედ ეს განაპირობებს."

იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უფრო ფართო „მართლმსაჯულების პროგრამის“, EU4Justice, ნაწილია, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2015 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.  

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995322943763,tamriko.mikadze@eeas.europa.eu