საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების ახალი სტანდარტი დაინერგა

UNDP და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ ინკლუზიური და თანასწორი გარემოს დამკვიდრებას საქართველოს იუსტიციის სახლში

16 January 2019

დღეს საქართველოს იუსტიციის სახლმა შეაჯამა რვათვიანი ინიციატივის შედეგები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების შემუშავებასა და დანერგვას ემსახურებოდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ისაუბრა 2018 წელს იუსტიციის სახლში განხორციელებულ პროექტზე „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის დახმარებით შესრულდა. მან ასევე წარადგინა აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“, რომლის  შედეგად იუსტიციის სახლში პირველად საქართველოში შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა.

ღონისძიებას დაესწრნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში - ულრიკ თიდესტრომი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში - მუნხტუია ალთანგერელი, და მოწვეული სტუმრები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ იუსტიციის სახლთან პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სახელმძღვანელო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“ ეყრდნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას. ის მოიცავს შშმ პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის წესებს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია სსიპ იუსტიციის სახლის  მომსახურების ხარისხის სტანდარტში, რომელიც მომსახურების მიწოდების პროცესის  მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს და  სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის.

პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, თემატური ტრენინგ-მოდულით, გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა - ჯამში 750 თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი უკვე მოქმედებს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ხოლო შემუშავებული ტრენინგ-მოდული იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი გახდა, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.

ასევე, სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები, მათი გრაფიკული გამოსახულებები და შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეო-მასალა, რომლებიც ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში.  

პროექტის ფარგლებში თბილისის იუსტიციის სახლის ოცმა თანამშრომელმა შეისწავლა ჟესტური ენა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებამდე, სმენის არმქონე პირებისათვის მომსახურების მიღება მნიშვნელოვან ბარიერებს და ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდებოდა, რადგან აღნიშნული პირები თარჯიმნის დახმარების გარეშე კომუნიკაციას ვერ ამყარებდნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისის იუსტიციის სახლში 200-მდე მომხმარებელმა უკვე მიიღო მომსახურება ჟესტურ ენაზე.  

იუსტიციის სახლი მომავალშიც განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას, რათა შეიქმნას ეფექტიანი საჯარო მომსახურების სისტემა, რომელიც გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

საკონტაქტო ინფორმაცია