სამოქალაქო საზოგადოება შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის მონიტორინგში ერთვება

უფლებადამცველი და შშმ პირთა ორგანიზაციები მოამზადებენ ალტერნატიულ ანგარიშებს კონვენციის განხორცილეების შესახებ

17 July 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი//UNDP

არასამთავრობო, უფლებადამცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ორგანიზაციების 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო სასწავლო სემინარს, რომელიც საქართველოში შშმ პირების უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (UNCRPD) განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ჩატარდა.

ოთხდღიანი ტრენინგი 2019 წლის 15-18 ივლისს ყაზბეგში გაიმართა. მისი ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია პირველი ყოვლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა ადამიანის უფლებების ამ სფეროში. ეს რევოლუციური დოკუმენტია, რომელიც სრულად ცვლის შშმ პირებთან მიმართებით დამკვიდრებულ მიდგომებს. თუკი ადრე მიღებული სამედიცინო მოდელი გარკვეულწილად ხელს უშლიდა შშმ პირების თანაბარ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში, ახალი მიდგომა ავალდებულებს საზოგადოებას უზრუნველყოს შშმ პირთა ყველა უფლების დაცვა, მათ შორის შრომის, საზოგადოებაში ცხოვრებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებების.

„სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგი გადამწყვეტ როლს ასრულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების საქმეში“, - განაცხადა საერთაშორისო ექსპერტმა და ტრენინგის წამყვანმა, ჯონ უედემმა. „ბევრმა ქვეყანამ ისე მოახდინა გაეროს კონვენციის რატიფიცირება, რომ მისი მოთხოვნების შესრულებაზე არ უზრუნია. მაგალითად, არ მოუხდენია საზოგადოებრივი სივრცის ადაპტირება ან შშმ პირებისთვის ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თვალს ადევნებენ კონვენციის განხორციელებას და განგაშის ზარს შემოკრავენ მაშინ, როდესაც მთავრობები ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს“.

სემინარის მონაწილეები გაეცნენ კონვენციის მონიტორინგის არსებულ მექანიზმებს. ალტერნატიული ანგარიშების მომზადება და გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარდგენა ასეთი მონიტორინგის ერთ-ერთი შესაძლო გზაა. გარდა ამისა, კონვენციის მიხედვით ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული პრინციპი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“, რომლის თანახმად შშმ პირთა ორგანიზაციებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა პოლიტიკურ მსჯელობასა თუ გადაწყვეტილებაში.

საქართველოში შშმ პირები ჯერაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში ამ გამოწვევებს ექვს ძირითად პრობლემად აერთიანებს: (1) საზოგადოებრივი სივრცის ნაკლები ხელმისაწვდომობა, (2) ინფორმაციისა და სპეციალური სერვისების ნაკლებობა, (3) ინკლუზიური განათლების ნაკლებობა, (4) სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა, (5) მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა არასათანადო დაცვა, და (6) აბილიტაციის, ანუ შშმ პირებისთვის ახალი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის, და რეაბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა.

კიდევ ერთი გამოწვევა შშმ პირთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციისა და სანდო მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. საქართველოში სულ 125,104 შშმ პირია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 3%-ს წარმოადგენს. სავარაუდოდ, ეს მონაცემი სინამდვილეს სრულად არ ასახავს, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებაში შშმ პირთა რაოდენობა ჩვეულებრივ 10%-ს აღემატება. შეზღუდული შესაძლებლობის გარშემო არსებული სოციალური სტიგმის პირობებში ბევრი ოჯახი ცდილობს, რომ დამალოს და არ გამოაჩინოს შშმ პირები.           

მას შემდეგ, რაც 2013 წელს საქართველომ გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად ეხმარებოდა ქვეყანას კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. 2016 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და ევროკავშირმა ხელი შეუწყეს კონვენციის მიმართ საქართველოს პირველი ეროვნული ანგარიშის მომზადებასა და წარდგენას. 2019 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერის მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია: