მსჯელობა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გენდერულ შემადგენელზე

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია

24 September 2018

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

2018 წლის 24 სექტემბერს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-5 ყოველწლიურ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას 150-მდე საკრებულოს წევრი ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან დაესწრო. კონფერენციის მონაწილეები შეხვდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გენდერულ ასპექტებზე და სკოლამდელი განათლების რეფორმის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თამარ ჩუგოშვილმა - საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ; მზია გიორგობიანმა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ; მუნხტუია ალთანგერელმა -  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში; და ელისაბედ ბრანდბერგმა - საქართველოში შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა ქალთა მეტ ჩართულობას პოლიტიკასა და ეკონომიკაში ადგილობრივ დონეზე.

"საქართველოში  მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს ძალაუფლების დეცენტრალიზაციასა და კომპეტენციებისა და რესურსების გადატანას რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებისას ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, როგორც ქალებს, ასევე კაცებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება პირდაპირ კავშირშია ქალთა დასაქმების შესაძლებლობების ზრდასთან.

„ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ქალებისათვის, რადგან მათთვის საბავშვო ბაღები ნაკლებად ხელმისაწვდომია. გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას, ჩამოაყალიბოს ეფექტიანი სკოლამდელი განათლების სისტემა, რომელიც დასაქმებულ ქალთა საჭიროებებზე იქნება მორგებული. რეფორმის შედეგად დასაქმების შესაძლებლობას მეტი ქალი მიიღებს. ამჟამად საქართველოში შრომისუნარიანი ქალების მხოლოდ 41%-ია დასაქმებული,“ აღნიშნა მუნხტუია ალთანგერელმა.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი 2013 წელს საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ფორუმის მე-5 კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით გაიმართა.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • ქეთევან ჯაყელი, საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA), kjakeli7@gmail.com