სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის

როგორ აღმოფხვრათ ხილული და უხილავი ბარიერები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე

13 September 2018

ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

„ჩვენ ვართ მარტოხელა დედები, მიგრანტი ქალები, დაბალანაზღაურებადი ქალები. ჩვენ გვავიწროვებენ სამუშაო ადგილზე. ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა კერძო საკუთრებაზე. ჩვენ ბედისწერად ოჯახში აუნაზღაურებელი შრომა განგვისაზღვრეს. ჩვენ თქვენ გვერდით ვცხოვრობთ. მოგვისმინეთ. დაგველაპარაკეთ. შეცვალეთ რეალობა.“ - ამ მესიჯები დაიწყო სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და შვედეთის საელჩომ საქართველოში 2018 წლის 13 სექტემბერს თბილისში წარადგინეს.

ინტერაქციული ღონისძიების ფარგლებში სიმბოლური პერფორმანსი გაიმართა, რომელმაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე არსებული ხილული და უხილავი ბარიერები წარმოაჩინა. ღონისძიების სტუმრებმა სიმბოლური „ქალების სახლი“ მოინახულეს და რეალური შემთხვევებზე დაფუძნებული ისტორიები მათი მთავარი გმირებისაგან მოისმინეს.

“შვედეთი მოხარულია საქართველოსთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში, რაც ჩვენ  საერთო გლობალურ ძალისხმევას წარმოადგენს. ქალებს და კაცებს თანაბარი უფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ როგორც მთლიანად საზოგადოების, ასევე საკუთარი ცხოვრების მშენებლობისათვის. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ამავდროულად დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სფეროს საკითხი. მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია,  თუ მოსახლეობის ნახევარი სრულად არაა ჩართული ამ პროცესში. საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა დღევანდელ ღონისძიებაზე  საქართველოს დაინტერესებისა და ძალისხმევის ნათელი მაგალითია”, - განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს მუნხტუია ალთანგერელმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, და ირინე ფრუიძემ - საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

„საქართველოში ქალებსა და კაცებს შორის არსებული ანაზღაურების უთანასწორობა 35 პროცენტს შეადგენს.  თვალსაჩინოა გენდერული ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი. ქალების ეკონომიკური წინსვლის ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრა მნიშვნელოვანია როგორც გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“, - აღნიშნა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

ირინე ფრუიძემ, საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, ხაზი გაუსვა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას გენდერული თანასწრობის მიღწევის საქმეში.

„კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ მთელ საქართველოში გაიმართება და ხმას ყველა ადამიანს მიაწვდენს. მისი მიზანია სწორი კითხვების დასმა, დისკუსიის ხელშეწყობა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება,“ - განაცხადა ირინე ფრუიძემ.  

სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. „თანასწორობა გვჭირდება“ ხელს უწყობს საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვას და ყველა იმ ფაქტორის გამოვლენას, რომელიც ხელს უშლის ქართველ ქალებს შრომით ბაზარზე დამკვიდრებასა თუ წარმატებულ მეწარმეობაში. თბილისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს.

სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია