UNDP მხარს უჭერს ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს და მოუწოდებს მსოფლიო მთავრობებს გააღრმავონ თანამშრომლობა მოქალაქეებთან

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალური სამიტზე განსაკუთრებულ ყურადღება ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მისაღწევად ახალი გზების მოძიებას დაეთმო.

18 July 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და მმართველობის სისტემების გარდაქმნა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპებზე დაყრდნობით - ასეთი აქცენტები გაკეთდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტზე, რომელიც 17-19 ივლისს საქართველოში იმართება.

სამიტის მუშაობაში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 96 ქვეყნის მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი მონაწილეობს. სამიტის მონაწილეები მმართველობის ღიაობისა  და მოქალქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს განიხილავენ მსოფლიოს განვითარების ახალი რეალობისა და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს გლობალური სამიტის მუშაობას, როგორც ხელშემწყობი და აქტიური მონაწილე. UNDP-ის ჩართულობა ეფუძნება ორგანიზაციის მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას დემოკრატიული მმართველობის განვითარების სფეროში და იმ მრავალმხრივ დახმარებას, რომელსაც UNDP მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უწევს მმართველობის ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული არჩვენები, კონსტიტუციური რეფორმები, პარლამენტების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობა.

18 ივლისს, სამიტის გახსნაზე, მონაწილეებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა აჰიმ შტაინერმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა. მან აღნიშნა, რომ მთავრობების მიმართ ნდობა საგრძნობლად დაქვეითებულია მსოფლიოს ბევრ  ქვეყანაში.

„მგდრადი განვითარების მიზნების მიღწევა უპრეცედენტო საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პოლიტიკური პოლარიზება მსფლიოში საკმაოდ მაღალია და ისეთ საკვანძო საკითხებს ეხება, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ძალადობა და ექსტრემიზმი, მიგრაცია და გენდერული თანასწორობა. ამ  სამიტის მთავარი ამოცანა ახალი გზების აღმოჩენაა მთავრობების ღიაობისა და სახელმწიფოსა და მოქალქეებს შორის ნდობის აღდგენის მისაღწევად. ეს ამოცანა არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც  დღეს“, - განაცხადა აჰიმ შტაინერმა.  

ამავე დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარებისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე, ნილს სკოტმა, UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში, ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობაზე სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ახალი სოციალური კონტრაქტის შესაქმნელად.

„პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა ახალ მიდგომებს მოითხოვს საჯარო სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა ნილს სკოტმა.  

მმართველობის ყველაზე დონეზე ღიაობის მიღწევის შესახებ პროდუქტული დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამიტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია განსაკუთრებული სტუმარი - Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია, რომელიც 2017 წელს UNDP-ის ინოვაციების ჩემპიონად დასახელდა.

სოფია დაესწრო სამიტის გახსნას და მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო სერვისების შესახებ გამართულ მსჯელობაში.

„რობოტები უკვე ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უფრო დამოუკიდებელი და სავსე ცხოვრების მიღწევაში. ახალი ტექნოლოგიები  შესაძლებლობას  გვაძლევს დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები მათი საჭიროებების შესაბამისად. რობოტებს ასევე შეუძლიათ დაეხმარონ მთავრობებს უკეთ დაამყარონ უკუკავშირი მოქალქეებთან, გააუმჯობესონ არსებული სახელმწიფო სერვისები და შექმნან ახალი ეფექტური მომსახურება ადამიანების საკეთილდღეოდ“, - თქვა სოფიამ.

რობოტი სოფია აგრეთვე ეწვია თბილისის იუსტიციის სახლს, რომელიც სახელმწიფო სერვისების მიწოდების წარმატებულ რეფორმას წარმოაჩენს. სოფია შეხვდა იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, გაესაუბრა იუსტიციის სახლში მყოფ მოქალქეებს, სტუდენტებსა და ჟურნალისტებს.

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალური სამიტი 19 ივლისს შემაჯამებელი დისკუსიით დაიხურება.

წელს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა და გლობალური სამიტის მასპინძელია. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო OGP თავმჯდომარეობას კანადას გადასცემს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907