UNDP და შვეიცარიის მთავრობა მეტ დახმარებას გაუწევენ პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში

ოთხწლიანი ინიციატივა ქართველ ფერმერებს ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს

6 November 2018

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

2018-2022 წელს შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 6 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა სისტემის განვითარებაზე დაიხარჯება. ოთხწლიან ინიციატივას განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2018 წლის 6 ნოემბერს მხარეებმა პროექტის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

„პროფესიული განათლების თანამედროვე სისტემის შექმნა საქართველოს ერთერთი საკვანძო მიმართულებაა, რომელიც სამინისტროს მიერ აისახა განათლების სისტემის რეფორმის დოკუმენტში, როგორც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, და  რომელიც მილიონობით ადამიანზე მოახდენს გავლენას. ახალი მოდელებისა და მიდგომების შემოღების შედეგად პროფესიული განათლება ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ხანიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების ახალი ხედვა სოფლის ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

„პროფესიული კოლეჯები და ფერმერთა ექსტენციის ცენტრები ცოდნისა და სერვისების ჰაბის ფუნქციას შეიძენენ. მათი მეშვეობით, როგორც მცირე ფერმერები, ასევე უფრო მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები იმ აუცილებელ თანადგომას მიიღებენ, რომელიც მათ წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება“, - აღნიშნა მან.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობენ საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმას. მათი ახალი ინიციატივა ამ გრძელვადიანი დახმარების წარმატებებსა და გამოცდილებას ეყრდნობა.

„შვეიცარია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა პროფესიული განათლების დარგში. მოხარულები ვართ შესაძლებლობით, რომ ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. გასულ წლებში ჩვენი ხელშეწყობით 10 ათასზე მეტმა სოფლის მაცხოვრებელმა უკვე ისარგებლა პროფესიული განათლების, გადამზადებისა და კონსულტაციების ახალი პროგრამებით. მომავალი ოთხი წლის მანძილზე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ საკვანძო ელემენტების დანერგვას, მაგალითად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელს. ასევე ხელს შუვუწყობთ ეფექტიან თანამშრომლობას კოლეჯებსა და კერძო კომპანიებს შორის“, - თქვა ოლივიე ბურკიმ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა.   

UNDP-სა და შვეიცარიის მთავრობის დახმარების შედეგად, გასული ხუთი წლის მანძილზე საქართველოს შვიდ კოლეჯში 20 ახალი მოდულური სასწავლო პროგრამა და 24 ტრენინგ კურსი დაინერგა. მათ შორის, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. გარდა ამისა, გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროფესიებში სასწავლო პროცესის ხარისხი და მასწავლებელთა მომზადების დონე, შვიდ კოლეჯში დაიწყო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირება.

ლუიზა ვინტონმა - გაეროს ახლად დანიშნულმა მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ ხარისხიანი განათლება მდგრადი ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მამოძრავებელია.

„მოხარული ვარ, რომ ხელმისაწვდომი განათლების ხელშეწყობით ვიწყებ საქართველოში საქმიანობას. გაეროს განვითარების პროგრამაში მტკიცედ გვჯერა, რომ სწორედ განათლებას შეუძლია მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა, რადგან ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ხელში გვაძლევს ახალ და ინოვაციურ მეთოდებს მსოფლიოს ყველაზე მტკივნეული პრობლემების გადასაწყვეტად“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების ხელშეწყობა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ინიციატივას განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების მთელი რიგი, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პროფესიული კოლეჯები, ფერმერთა ექსტენციის საჯარო და კერძო მიმწოდებლები, უნივერსიტეტები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნათია კუკულაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, +995 577 484040, kukuladzen@gmail.com
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ბექა თაგაური, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი, +995 599 140447, beka.tagauri@eda.admin.ch