შვედეთის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აგრძელებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას 2030 მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 2018 წლის 12 დეკემბერს, შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომმა და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა, მუნხტუია ალთანგერელმა, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას გარემოსდაცვით და საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერის შესახებ. შვედეთის მთავრობის დახმარება შეადგენს 38.5 მილიონ შვედურ კრონს.
2019-2021 წლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, იმუშავებს სხვადასხვა საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი ინიციატივებისა და საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, რაც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევის, რეგიონული განვითარებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
UNDP ხელს უწყობს საჯარო უწყებების ქმედითუნარიანობის გაზრდასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებას მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) საშუალებით.
2013-2017 წლებში, მმართველობის რეფორმის ფონდმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას და ეფექტურად გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესების ინიციატივებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ორმოცამდე ინიციატივა ოცზე მეტ საჯარო უწყებაში, რომელთა მიზანი იყო საჯარო უწყებების ეფექტურობის გაუმჯობესება, შესაძლებლობების გაძლიერების მექანიზმების ჩამოყალიბება და ხარისხიანი სერვისების მიწოდების ეფექტურობის გაზრდა. გარდა ამისა, შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების საქმიანობის შედეგად, მოხდა საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის 5,000 წარმომადგენლის (53% ქალი, 47% კაცი) კვალიფიკაციის ამაღლება და უნარების გაუმჯობესება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თამარ დათუაშვილი, შვედეთის საელჩო, +995 599 905577, tamuna.datuashvili@gov.se
- ირა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579105, irine.sulava@undp.org