თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს საჯარო სერვისების რეფორმას

ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური უფრო სწრაფ და ეფექტიან მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს

21 June 2018

ფოტოს ავტორი: რობერტ უოთკინსი/UNDP

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური იწყებს სერვისების მიწოდების რეფორმას, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების დაძლევა და მომხმარებელთა მომსახურების გამარტივება და ოპტიმიზაცია.

რეფორმის განხორციელება ეყრდნობა პრობლემების შესწავლასა და შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც არქიტექტურის სამსახურისათვის შეიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.

რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯების განხილვა შედგა 2018 წლის 21 ივნისს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ თბილისის მერიის, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის გახსნაზე საუბრისას, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა, აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, ხოლო ეფექტიანი და დროული სერვისების უზრუნველყოფა მისი უშუალო მოვალეობაა.

„მიმდინარე რეფორმის მსვლელობაში გამოვლინდება ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რომელსაც არქიტექტურის სამსახურის მომხმარებლები აწყდებიან, ხოლო მისი მომსახურება გამარტივდება და მომხმარებელზე მორგებული გახდება“, - თქვა თემურ ბოლოთაშვილმა.

ნატო გაგნიძემ, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა, დეტალურად აღწერა ის ცვლილებები, რომლებიც ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული.  

„ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდების მოდელის  განვითარებას იმ ტექნიკებისა და მიდგომების გამოყენებით, რომლებიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც გადამწყვეტია სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება - ეს ის ამოცანებია, რომლებიც უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ნატო გაგნიძემ.

ახალი სერვის მოდელის განხილვას მოჰყვება რეფორმის უშუალო განხორციელება, რომელიც 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ახალი სერვის მოდელის შემუშავება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

„მუნიციპალური სერვისების რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის კარგი მაგალითია. გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება ასეთ მიდგომას, რომელიც  არსებული გამოწვევების დაძლევას უწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგება“, - აღნიშნა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმა ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის განვითარებას ისახავს მიზნად. საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის მიხედვით, ის 2020 წლამდე განხორციელდება და ექვს საკვანძო სფეროს შეეხება: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სასმსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, მომსახურების  მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და თვითმმართველობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ირინა სულავა, UNDP საქართველო, irine.sulava@undp.org, +995 599 579105
  • ანა ლაცაბიძე, IRC + 995 599 444544
  • ქართლოს თეთრაული, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, +995 591 914904