საპარლამენტო ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

საქართველოს პარლამენტი წამყვან როლს შეასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგში

4 June 2018

Photo: Vladimer Valishvili/UNDP

საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შვედეთის მთავრობასთან და საპარლამენტთაშორისო კავშირთან (IPU) თანამშრომლობით, შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის მონიტორინგისათვის.  

საპარლამენტო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ყველა არსებული საპარლამენტო მექანიზმი კანონშემოქმედებითი, საბიუჯეტო, საზედამხედველო და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით. კონკრეტული საქმიანობა დაეყრდნობა პარლამენტის თვითშეფასების შედეგებს, რომელიც გამოავლენს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის განხორციელებისათვის.

ეროვნული საპარლამენტო ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (SDGs) დაიწყო 2018 წლის 4 ივნისს ჩატარებული სამუშაო სემინარით, რომელშიც პარლამენტის წევრებმა და საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება გახსნეს ირაკლი კობახიძემ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მუნხტუია ალთანგერელმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, და მოლი ლიენმა - შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა საქართველოში.

„ეროვნულ პარლამენტებს უნიკალური ადგილი უჭირავთ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საქმეში. პარლამენტი წამყვან როლს ასრულებს ეროვნული მიზნების შესაბამისი კანონმდებლობის შექმნაში, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის კოორდინირებაში და მთავრობის მიერ მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის შესრულების ზედამხედველობაში“, - განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

ორდღიანი სემინარის მსვლელობისას გაიმართა მსჯელობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის პარლამენტისა და მთავრობის კოორდინირებაზე, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მოქალაქეების ჩართულობაზე, კანონებისა და პოლიტიკის შექმნაზე და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმა აუცილებელია იმისთვის, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ყველასათვის ღია და გამჭვირვალე პროცესად იქცეს.

სემინარის მონაწილეებს შეუერთდნენ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ექსპერტები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ საქართველოს პარლამენტს თვითშეფასების ჩატარებაში და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმის შექმნაში.

„საქართველოს პარლამენტს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, წამყვანი როლი შეასრულოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რაც ამავდროულად მის საკონსტიტუციო პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს. პარლამენტის ჩართულობა განაპირობებს, რომ მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში ყველა ხმა თანაბრად გაიჟღერებს და არავინ დარჩება პროცესის მიღმა“, - თქვა მოლი ლიენმა, შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა საქართველოში.

სემინარი დაასრულა „იდეების ბაზრობამ“, სადაც სამუშაო ჯგუფებმა კონკრეტული მოსაზრებები წარადგინეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და მონიტორინგის საპარლამენტო სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესახებ.

სემინარის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტი 2018 წლის ბოლომდე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და მონიტორინგის საპარლამენტო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.      

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მადონა ნოზაძე, საქართველოს პარლამენტი, +995 599 557978, mnozadze@parliament.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირინა სულავა, UNDP საქართველო, +995 579105, irine.sulava@undp.org