საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტის წევრები განიხილავენ ვალდებულებებს 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის მესამე სამოქმედო გეგმისათვის.

7 June 2018

Photo: IDFI

საქართველოს პარლამენტმა 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა. ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.

7 ივნისს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა რიგით მესამე სამოქმედო გეგმისათვის (2018-2019) შემუშავებული 7 ვალდებულება განიხილა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ირინა ფრუიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა - სოფი ჰუე გერიშმა, UNDP დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა - გიგი ბრეგაძემ და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა.

„წინა სამოქმედო გეგმების მსგავსად, მესამე გეგმა პარლამენტის წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის შედეგად, ერთობლივად შემუშავდა. ახალი სამოქმედო გეგმა მოიცავს შვიდ ამბიციურ ვალდებულებას, რომელთაგან თითოეული კი აერთიანებს მრავალ ამოცანას, რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. როგორც ყოველთვის, სამოქმედო გეგმის მთავარ მიზანს საქართველოს პარლამენტის ღიაობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა წარმოადგენს.“ – განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქალაქეების წინაშე ღიაობის ხელშეწყობაში. „საჯარო პოლიტიკის და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საკანონმდებლო პროცესების ღიაობა, პარლამენტის მიერ განხილულ კანონპროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებით, ხელს უწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკის შემუშავებაში და ასევე აძლევს მათ შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო დღის წესრიგზე“ – განაცხადა სოფი ჰუე გერიშმა.

საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისათვის შემოთავაზებული იდეები  შეგროვდა საქართველოს 7 ქალაქში – თელავი, რუსთავი, მარნეული, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი – გამართული საჯარო კონსულტაციების დროს 2018 წლის მარტსა და აპრილში. ახალი სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების მიერ (კონკურსი – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“) წარმოდგენილ ვალდებულებებს. საჯარო კონსულტაციები ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირის, UNDP-სა და IDFI-ს მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ანა გოჩაშვილი, საქართველოს პარლამენტი, +995 599 999908, agochashvili@parliament.ge 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მერი მახარაშვილი, IDFI, +995 599 500137, m.makharashvili@idfi.ge