საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 300 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ახალი სამთავრობო სტრატეგიის შედეგებით ისარგებლებს

#მთავარიამთა - ახალი სახელმწიფო ხედვა მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად და ყოვლისმომცველ განვითარებას

11 December 2018

მთის საერთაშორისო დღეს, 11 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა. სტრატეგიის პროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც მას  საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. სტრატეგიის პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით.

ღონისძიება გახსნა მამუკა ბახტაძემ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  მაია ცქიტიშვილმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, არად ბენკომ - ავსტრიის ელჩმა საქართველოში, და მუნხტუია ალთანგერელმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

2016 წელს საქართველომ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რის შემდეგაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1,730 დასახლებას მიენიჭა. 400-ზე მეტმა საწარმომ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლა, ხოლო ფულადი და სხვა სახის დახმარება, რომლის მთლიანმა ოდენობამ 115 მილიონ ლარს გადააჭარბა, 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ახალი სტრატეგიის განხორციელების შედეგად გაიზრდება ამ პროცესის ეფექტიანობა და მდგრადობა, მეტი ყურადღება მიექცევა ადგილობრივ მეწარმეობას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ნარჩენების მართვას, ეკო-ტურიზმზს და სხვა სფეროებს, რომლებიც მდგრად განვითარებას განაპირობებენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შედეგებით 300 ათასი ადამიანი ისარგებლებს.

„მაღალმთიან რეგიონებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს, მაგრამ მთის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი გაცილებით მაღალია“, - აღნიშნა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში. „მთა სუფთა ენერგიის, წყლის, საკვებისა და ეკონომიკური საქმიანობის უნიკალური რესურსია და საქართველომ სრულად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“.

მთის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2003 წელს დაწესდა, მაგრამ საქართველო მას პირველად აღნიშნავს. საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა #MountainsMatter #მთავარიამთა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მთის საკვანძო როლს ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • ქეთი დოლიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, +577 467117, dolidzekatie@gmail.com