მედიაციის განვითარება ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

21 November 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა განიხილება ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე „მედიაციის დღეები 2018“, რომელიც 21 ნოემბერს თბილისში გაიხსნა.

კონფერენციას  ასზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ისლანდიიდან, ავსტრიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მედიატორები, მოსამართლეები, პროკურორები და სოციალური მუშაკები, ასევე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მედიაციის განვითარებისა და შესაბამისი კანონმდებლობის  დახვეწის მიმართულებით. საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ამ წარმატების გაღრმავებას“, - განაცხადა   მზია თოდუამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

ლუიზა ვინტონმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა, რომ დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს და ამისთვის სხვადასხვა მექანიზმზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი. მედიაციისა და  არბიტრაჟის განვითარება სწორედ ასეთი ალტერნატიული გზების არსებობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა  ლუიზა ვინტონმა.

„მედიაციის გამოყენების გაზრდა ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმების ნაწილია. ჩვენი პროექტების მეშვეობით ევროკავშირი მხარს უჭერს სამართლიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი მედიაციის განვითარებას. ეს რეალურ შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს სწრაფად და მეგობრულ გარემოში მოაგვარონ არსებული დავები ისე, რომ ორივე მხარე მოგებული დარჩეს“, - აღნიშნ პიტერ დენისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს მიხეილ სარჯველაძემ - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ; გიორგი მიქაუტაძემ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა; და სუზან სტერნმა, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პირველმა პოლიტიკურმა მდივანმა.  

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც სამოქალაქო მედიაციაზე, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი მედიაციაში, კოლექტიური შრომითი დავების მოგვარება და საჯარო სამსახურში შრომით დავებზე მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.

კონფერენციის დასასრულს, 22 ნოემბერს, გაიმართება სამუშაო შეხვედრა მედიატორებთან, რომელსაც გაუძღვება ბრიტანელი ექსპერტი, მედიაციის აკადემიის დამფუძნებელი - ალედ დეივისი.

თბილისის მედიაციის დღეების შესახებ:

თბილისის მედიაციის დღეები საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც უკვე მეორედ იმართება.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), სასამართლოსა მხარდაჭერისა და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების ხელშეწყობის ფარგლებში, და გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია (ILO) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). წლევანდელ კონფერენციას ასევე უჭერს მხარს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა - UK aid, საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო,, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995322943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP