მაჭახელას ეროვნული პარკის მდგრადი მართვა ადგილობრივი სოფლების კეთილდღეობას უწყობს ხელს

21 September 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

განახლებადი ენერგიის გამოყენება, ეკოტურიზმის ხელშეწყობა და ბიო-ფერმერობა - ამ საკითხებს გაეცნენ საქართველოს წამყვანი მედია-საშუალებების ჟურნალისტები მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში მგზავრობისას. მედია-ტური 2018 წლის 20-21 სექტემბერს გაიმართა, ხოლო მისი ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

მედია-ტურის მონაწილეებს შეხვდნენ მუნხტუია ალთანგერელი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, და თომა დეკანოიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე. ჟურნალისტები ასევე  გაესაუბრნენ მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინსტრაციის წარმომადგენლებსა და მაჭახელის ხეობის სოფლების - ქვემო ჩხუტუნეთის, აჭარის აღმართის, ცხემლარასა და ჩიქუნეთის მაცხოვრებლებს.

მედია-ტურის მსვლელობაში ჟურნალისტები გაეცნენ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით განხორციელებული ოთხწლიანი ინიციატივის შედეგებს, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცულ ტერიტორიების მართვის დახვეწა და მაჭახელას ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში განლაგებული სოფლების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. ინიციატივის განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა სამომავლო თანამშრომლობას აჭარის დაცული ტერიტორიებსა და თურქეთში განლაგებულ ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს შორის, რომლებიც  ერთად ქმნიან უნიკალური კოლხური ტყეების შესანარჩუნებლად დაფუძნებული დაცული ტერიტორიების ჯაჭვს.

1.3 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი 2014-2018 წლებში განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით.

პროექტის კონკრეტული შედეგებს შორისაა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწყობა და ტურისტებისათვის განკუთვნილი ბეჭდური, აუდიო და ვიდეო მასალების დამზადება.

გარდა ამისა, ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმა, ეროვნული პარკის საბაზისო კვლევა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შემოსავლის მომტანი საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დახმარებით მაჭახელის ხეობაში განლაგებული სოფლების მაცხოვრებლებმაც ისარგებლეს.

ხეობაში დაიწყო განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც მომავალი წლიდან 100-ზე მეტი საკარმიდამო ჩაერთვება. მცირე ფერმერებმა მიიღეს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება მეღვინეობის, მეფუტკეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის. განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი ადგილობრივი მეურნეობების მტაცებელი ცხოველების თავდასხმისაგან დაცვის მიზნით - სადაზღვევო სქემა და ელექტრო-ღობეების დაყენება. რამდენიმე ოჯახმა გაირა ტრენინგი ტურისტული ბიზნესის საკითხებში და მიიღო საწყისი დახმარება საოჯახო სასტუმროების გასახსნელად.    

მაჭახელის ხეობაში განხორციელებული ინიციატივა UNDP-ის უფრო ფართო საქმიანობის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებას, მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვას და გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org