პარიზის შეთანხმების განხორციელების გზაზე

აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები კლიმატის ქმედებაში მიღწეულ წარმატებას განიხილავენ

21 May 2018

#NDCDialogues 21-23 მაისი 2018. თბილისი, საქართველო

თბილისი. 21 მაისი 2018 – აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის 16 ქვეყნის მთავრობების 90-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში კლიმატისადმი მედეგი, დაბალემისიური განვითარების მიღწევისათვის აუცილებელი ნაბიჯებისა და პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების გასახილველად.

21-23 მაისს გამართული რეგიონული დიალოგის მსვლელობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) შესრულებას, რომელიც ასახავს ქვეყნების ეროვნულ ვალდებულებებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში.   

რეგიონული დიალოგის მასპინძელი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ორგანიზატორები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნო. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და გერმანიის, იაპონიისა და ნორვეგიის მთავრობები NDC პარტნიორობასთან თანამშრომლობით.

რეგიონული დოალოგის გახსნაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა აძლიერებს კლიმატის ქმედებას, რომელიც ეროვნულ დონეზე მიმდინარეობს.

„საქართველოს მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობასა და ხელშეწყობას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქმეში. დღევანდელი დიალოგი შესანიშნავი შესაძლებლობაა რეგიონში დაგროვებული უნიკალური გამოცდილების გაზიარებისათვის. ის აგრეთვე ხელს შეუწყობს კონკრეტული ნაბიჯებისა და სტრატეგიების დასახვას კლიმატისადმი მედეგი მდგრადი განვითარების მიღწევის გზაზე“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ვალდებულებებზე პარიზის შეთანხმების ფარგლებში და იმ კონკრეტულ საქმიანობაზე სათბური გაზების გაფრქვევის შემცირების მიზნით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში ხორციელდება.

„2030 წლისათვის საქართველო უპირობოდ შეამცირებს სათბური გაზების ემისიებს 15%-ით საბაზისო სცენარით განსაზღვრული მნიშვნელობის მიმართ. ფინანსებითა და ტექნოლოგიებით დახმარების შემთხვევაში შემცირების ვალდებულება 25%-მდე გაიზრდება, რაც უზრუნველყოფს 2030 წლისათვის 40%-იან შემცირებას 1990 წლის დონის მიმართ,“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ისაუბრა რეგიონის ქვეყნების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

„კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, ეკონომიკასა და სოციალურ სექტორზე. მაგრამ ამავდროულად კლიმატის ცვლილება განვითარების შესაძლებლობებსაც შეიცავს, რადგან საზოგადოებებსა და მთავრობებს ცვლილების გატარებისაკენ უბიძგებს და ხელს უწყობს თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) ასახავს ქვეყნების მიერ სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაზე აღებულ ვალდებულებებს. მათი გამოქვეყნება და შესრულება პარიზის შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციის მონაწილე 196-მა ქვეყანამ 2015 წელს მოაწერა ხელი.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე დიალოგი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების დასახვას და პარიზის შეთანხმების შესრულების ხელშეწყობას. რეგიონულ დიალოგს უკვე შეუერთდა 150 განვითარებადი ქვეყნის მთავრობების 2100 წარმომადგენელი.

საქართველოში გამართულ რეგიონულ დიალოგს წინ უსწრებდა ანალოგიური შეხვედრები აფრიკის, წყნარი ოკეანისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში. საქართველოში გამართულ ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 16 ქვეყნის მთავრობების 90-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

თვალი გვადევნეთ ჰეშთეგით #NDCDialogues და რეგიონული დიალოგის ვებ-გვერდით

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge, +995 599 502619

ფოტო გალერეა