საქართველო აღნიშნავს წინსვლას პროფესიული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბების გზაზე

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურო 2018 წელს ჩატარებული საქმიანობის შედეგებს აჯამებს

19 December 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით შესრულებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა. ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს კახა კახიშვილმა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლუიზა ვინტონმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, და ჯასტინ მაკკენზი სმიტმა - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში.

ეკატერინე ქარდავამ, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე საჯარო სამსახურის რეფორმირების საქმეში და განსაკუთრებით აღნიშნა ის დახმარება, რომელსაც რეფორმის პროცესს  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და დანიის მთავრობები უწევენ.

"საჯარო სამსახურის რეფორმა დემოკრატიისა და კარგი მმართველობის გაძლიერების მნიშვნელოვანი შემადგენელია, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას და პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას", - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

„დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური ნებისმიერი საზოგადოების საფუძველია. ბრიტანეთსა და საქართველოში ადამიანები იმსახურებენ ისეთ საჯარო სამასახურს, რომელიც მათი ინტერესების გათვალისწინებით მუშაობს“, - თქვა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში. „მოხარულები  ვართ იმ კოალიციის ნაწილი ვიყოთ, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმის ზრდას და საუკეთესო ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი კარიერული გარემოს შექმნას.“

ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის  შესახებ ახალი კანონის მნიშვნელობას.

„საქართველოს კანონში საჯარო სამსახურის შესახებ ხაზგასმულია საჯარო მოხელეთა დამსახურებისა და პროფესიული კვალიფიკაციის მნიშვნელობა. კანონი აგრეთვე იცავს საჯარო მმართველობის სისტემას პოლიტიზირებისა და კორუფციისაგან“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. „ეს ფუნდამენტური გარდაქმნაა და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას მისი ძირითადი პრინციპების შესახებ როგორც საჯარო მოხელეთა შორის, ასევე მთლიანად საზოგადოებაში“.

ღონისძიების მსვლელობაში საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურომ ჯილდოები გადასცა საჯარო სამსახურში ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე მოხელეებს. ასევე გაიმართა 2018 წელს ჩატარებული ორი კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება - „შენი იდეა ბიუროს“ და „ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის“.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის, შვედეთისა და დანიის მთავრობების ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია