საქართველოს სოფლის პრიორიტეტებზე თეთრიწყაროში იმსჯელეს

ევროკავშირის ხელშეწყობით შექმნილ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს თავისი წვლილი შეაქვთ სოფლის განვითარებაში

17 May 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2018 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე თეთრიწყაროში იმსჯელეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახლადშექმნილ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. იგი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო პროგრამებს და ინიციატივებს, რომელთა მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.

„თანამშრომლობა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან უმნიშვნელოვანესია სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წარმატებისათვის და ასევე ახალი სტრატეგიის მომზადებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ზვიადაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის ტურიზმის განვითარებას და სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას.

უახლოეს თვეებში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან გაიმართება საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 595989916, tamar.k@actionprgroup.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599196907 sophie.tchitchinadze@undp.org