ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი გაუმჯობესდება

სამწლიანი ინიციატივის შედეგები ღია და დაცული საზღვრებისათვის

14 September 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა, ევროკავშირთან (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, დაასრულეს სამწლიანი ერთობლივი პროექტი, რომელიც წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სტანდარტების ამაღლებას ემსახურებოდა.

პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში 2018 წლის 14 სექტემბერს გაიმართა. კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის მართვის უწყებების, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები წითელ ხიდზე გაემგზავრნენ და საზღვრის ორივე მხარეს სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლისათვის განკუთვნილი ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს - სასაზღვრო ინსპექციის სრულად აღჭურვილი პუნქტი საქართველოს მხარეს და ახალი საბაჟო ტერმინალი აზერბაიჯანის მხარეს.

საზღვრის საქართველოს მხარეს ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჯავად გასიმოვმა - აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კესტუტის იანკაუსკასმა - ევროკავშირის ელჩმა აზერბაიჯანში, ვინსენტ რეიმ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, გულამ ისჰაგზაიმ - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა აზერბაიჯანში, მიხეილ დუნდუამ - საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, და ტარიელ ჭულუხაძემ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა.

სტუმრებმა მოინახულეს ახალი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი, რომელიც 6.5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას იკავებს და სრულადაა აღჭურვილი სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის საწარმოებლად ევროკავშირის სტანდარტების დაცვით.

გარდა ამისა, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით განხორციელდა საქართველოს სასაზღვრო სისტემების შეფასება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, შეიქმნა ახალი თანამედროვე სასწავლო სისტემა საზღვრის მართვის უწყებების თანამშრომლებისათვის, ხოლო შემოსავლების სამსახურისა და საბაჟოს 300-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში. მსგავსი სამუშაოები ჩატარდა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის აზერბაიჯანის მხარეზეც.    

წითელი ხიდის პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანი იყო ღია და  დაცული საზღვრის პრინციპების დანერგვა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებების განვითარება, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, ვაჭრობისა და გადაადგილების ხელშეწყობა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ  2.6 მილონი ევრო შეადგინა. აქედან 2,128,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო დანარჩენი თანხა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანაბარი თანამონაწილეობა.  

პროექტი განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში, ხოლო მისი პარტნიორები იყვნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტი.  

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • არზუ ჯაფარლი, UNDP აზერბაიჯანი, arzu.jafarli@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

    ფოტოები

    ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

    ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

    ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP