ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედურ შედეგებს წარადგენენ

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებას მოიცავს.

25 October 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

კანდიდატების ნეგატიური გაშუქება. სიძულვილის ენის საგრძნობი შემცირება ტელევიზიებში, მაგრამ ჭარბი გამოყენება ბეჭდურ მედიასა და რამდენიმე ონლაინ გამოცემაში. პოლიტიკური მიკერძოების ნიშნები რადიოებში წინა წლების საარჩევნო ციკლებთან შედარებით.

ამ და სხვა მიგნებების განხილვა შედგა 25 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლის მსვლელობაში ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები წარადგინეს.

„არჩევნების სათანადო და მრავალმხრივი გაშუქება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ევროკავშირი ხელს უწყობს საარჩევნო მედიამონიტორინგს და ამით ხაზს უსვამს ჩვენს მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა,  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.   

მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა საარჩევნო პროგრამების ანალიტიკური განხილვის მნიშვნელობას არჩევნების გაშუქების დროს.

„მედიამონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მედიის პროფესიონალიზმი ყოველ არჩევნებთან ერთად იზრდება. მიუხედავად ამისა, ვისურვებდი, რომ არჩევნების გაშუქებისას მეტი ყურადღება დაეთმოს საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს, რაც ამომრჩევლებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა“, - თქვა მან.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 18 ივნისს დაიწყო და არჩევნების შემდგომი პერიოდის ჩათვლით გაგრძელდება. კვლევა მოიცავს 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებას. მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშებში შესულია 18 ივნისიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემები, ხოლო საბოლოო ანგარიშები 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება.

საარჩევნო მედიამონიტორინგში ჩართულია სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI).

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი 2010 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია მედიის მრავალფეროვნებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის გაძლიერება. 2010 – 2017 წლებში მედიამონიტორინგის ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა საქართველოს ექვსი ძირითადი არჩევნების დროს.

მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.mediamonitor.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu