ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგის შედეგად არჩევნების გაშუქების 2016-2018 წლების ტენდენციები გამოვლინდა

საქართველოს მედიაში შეიმჩნევა მზარდი პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება არჩევნების გაშუქებისას

13 December 2018

ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს მედიაში შეიმჩნეოდა მზარდი პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება არჩევნების გაშუქებისას. სიძულვილის ენის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში, მაგრამ კვლავ ჭარბობს ბეჭდურ მედიაში. არჩევნების გაშუქება რადიოების მიერ მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, თუმცა ზედაპირული, რაც პრაქტიკულად არ შეცვლილა 2016 წლიდან. საარჩევნო პროგრამების ანალიზი და დებატები საარჩევნო კანდიდატებს  შორის ნაკლებად იყო წარმოდგენილი ყველა მედია-სეგმენტში.

ეს  და სხვა მიგნებები შევიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის დასკვნით ანგარიშებში, რომლებიც ევროკავშირმა (EU), გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს – საქართველომ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI), 13 დეკემბერს გამოაქვეყნეს.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების დროს საარჩევნო გარემო კონკურენტული, მაგრამ საკმაოდ პოლარიზებული და დაძაბული იყო, რამაც გავლენა მოახდინა, როგორც საზოგადოებაზე, ასევე მედიაზე. ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარებული მედიამონიტორინგის მთავარი მიზანია სათანადო და მრავალმხრივი გაშუქების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, - განაცხადა კარლო ნატალემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ.   

მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა, რომ ანალიტიკური მედიამონიტორინგის მიგნებები მნიშვნელოვანია, როგორც ჟურნალისტებისა და მედია-მკვლევარებისათვის, ასევე მედიის მომხმარებლებისათვის.

„მედიამონიტორინგი შესაძლებლობას აძლევს ჟურნალისტებსა და მედია-მენეჯერებს კრიტიკულად შეაფასონ თავისი საქმიანობა. მედიამონიტორინგის მიგნებები ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ძირითადად მედიის მეშვეობით იღებენ“, - თქვა მან.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 18 ივნისს დაიწყო და არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით გაგრძელდა. მედიამონიტორინგმა 37 სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალება მოიცვა.

ეს მეშვიდე საარჩევნო მედიამონიტორინგია, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2010 წლიდან ხორციელდება.

მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.mediamonitor.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu