ადამიანის უფლებების დღე 2018

ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018 წლის კვირეული გახსნეს

10 December 2018

ფოტო: პიტერ შონი/UNDP

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყეს. 2018 წლის კვირეული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა ჩატარდება, გაიმართება საკომუნიკაციო კამპანია ტელევიზიებსა და სოციალურ მედიაში.

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირმა, საქართველოს სახალხო დამცველთან და გაეროსთან ერთად, გახსნა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა: “წელს, ჩვენ ავღნიშნავთ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს. ადამიანის უფლებები ძირითადია ევროკავშირისთვის და მისი საქართველოსთან ურთიერთობისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კვლავ ავიმაღლებთ ხმას მსოფლიოში ადამიანის უფლებების დასაცავად.”

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა: „დღეს სრულიად მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, რომლის მთავარი გზავნილი თანასწორობის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსებისთვის ერთობლივი ბრძოლაა. ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ ჩვენ  ვსაუბრობთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს. სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სწორედ დეკლარაციის სულისკვეთებას ეფუძნება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.“ 

"ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ყველას ერთად და ყოველ ჩვენთაგანს ცალცალკე ეხება. დეკლარაციაში გამოცხადებული ძირითადი უფლებები დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. მართალია, დეკლარაცია მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ  ბევრი ქვეყნისათვის მისი განხორციელება კვლავაც გამოწვევად რჩება“, - განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა, მუნხტუია ალთანგერელმა.

ადამიანის უფლებათა კვირეული 2018

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ერთობლივად ატარებენ საკომუნიკაციო კამპანიას საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კამპანიის გახსნითი ღონისძიება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორაზე გაიმართა. საკომუნიკაციო კამპანიის სლოგანია „ხმა ავიმაღლოთ ადამიანის უფლებების დასაცავად“. ერთკვირიანი კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა გაიმართება:

10 დეკემბერს, კამპანიის გასნაზე, გაიმართა, ქოლგა თბილისი ფოტოს მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა, რომელშიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებების დაცვის თემებზე მომუშავე პროექტები საქართველოში. წარმოდგენილი შვიდი პროექტი ხაზს უსვამს ევროკავშირის ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თანასწორობა და სამართლიანობა. გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე ასევე შედგა მულტიმედიური პლატფორმის StandUp4HumanRights.ge პრეზენტაცია, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებულმა პროექტმა „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ წარადგინა.  მულტიმედიურ პლატფორმაზე თავმოყრილია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლის ვიდეო-ვერსიები, რომლებშიც საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ადამიანის უფლებათააცვის საერთაშორისო დღემდე ერთი კვირით ადრე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო შვიდი ფილმი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებს ასახავდა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ადამიანის უფლებების თემაზე საუკეთესო ფილმი, “გოგონა”, რომლის რეჟისორია ლუკას დონტი, დააჯილდოვა “ევროკავშირის პრიზით ადამიანის უფლებები კინოში". ასევე, ადამიანის უფლებების თემაზე, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის გაიმართა ლარს კრაუმეს ფილმის „ჩუმი რევოლუცია“ ჩვენება, რომელიც დასრულდა ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიით.

ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირის, გაეროსა და სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობით ჩატარდება საკომუნიკაციო კამპანია სოციალურ მედიაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მოქალაქეს შეუძლია. კამპანიის ჰეშთეგებია:#StandUp4HumanRightsGE და #ადამიანისუფლებებიჩვენია.

ადამიანის უფლებათა კვირეულის კალენდარი:   

·        ორშაბათს, 10 დეკემბერს, 14:00. საქართველოს პარლამენტში ჩატარდება კონფერენცია ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, სადაც ანდრო ოიასალუ, გაეროს განვითარების პროექტის ექსპერტი, ესტონეთიდან, წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის კარგი პრაქტიკის მოდელებს.

·        პარასკევს, 14 დეკემბერს, 18:00 – 20:00. ადამიანის უფლებების საღამო მულტიმედიური პლატფორმის StandUp4HumanRights.ge მონაწილეებთან (თბილისის მედიათეკის ვაკის ფილიალი, ჭავჭავაძის გამზირი #76, ვაკის პარკი, თბილისი)

·        პარასკევს, 14 დეკემბერის, 14:00. ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები წაიკითხავენ საჯარო ლექციას ადამიანის უფლებათა შესახებ, ილიას უნივერსიტეტში. აქვე გაიმართება ადამიანის უფლებათა შესახებ სტუდენტური ესეების კონკურსის დასკვნითი ღონისძიება. (ილიას უნივერსიტეტი, თბილისი)

·        22 ნოემბერი - 14 დეკემბერი. ევროკავშირისა და გაეროს მიერ, საქართველოს უნივერსიტეტებში გაიმართება  საჯარო ლექციები ადამიანის უფლებების შესახებ (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალქალაქი, თელავი, თბილისი)

·        22 ნოემბერი - 7 დეკემბერი,  ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით ჩატარდება ადვოკატების ტრენინგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში   (ძმები ზუბალაშვილების ქუჩა # 36, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, თბილისი)

დამატებითი ინფორმაცია

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მთელს მსოფლიოში 10 დეკემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წელს, გაეროს ასამბლეამ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. ადამიანის უფლებათა დაცვის დღის 2018 წლის სლოგანია: "ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად" #standup4humanrights.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ

  •  სოფო ჭიჭინაძე, UNDP Georgia, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  •  თეიკო კანდელაკი, UNDP Georgia, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  •  ანა თამაზაშვილი, სახალხო დამცველის ოფისი, +995 595 033 232, atamazashvili@ombudsman.ge
  •  თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu