ევროკავშირი, UNDP-თან ერთად, ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების თანამშრომლობას სოფლის განვითარებისთვის

24 October 2018

Photo: Vladimer Valishvili/UNDP

საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG), საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციისა (GALAG) და ევროკავშირის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების თემაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაში.

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის  განვითარების ქსელი (GRDN), ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებზე. ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა და მთავრობის წარმომადგენლები ასევე შეთანხმდნენ ერთობლივ საქმიანობაზე ადგილობრივი პრობლემების გამოსავლენად და საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის მანდატი და ფუნქციები, ისაუბრეს სამინისტროს როლზე ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. თავის მხრივ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა ისაუბრეს მათ მიმდინარე საქმიანობაზე, რომელიც სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება.

„სოფლის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიები და შესაბამისი პროგრამები თითოეული რეგიონისა და მუნიციპალიტეტის თავისებურებებს, რესურსებსა და პოტენციალს უნდა ითვალისწინებდეს. ყველა მუნიციპალიტეტი უნიკალურია და ხშირად სპეციფიურ გამოწვევებს უმკლავდება. სოფლის განვითარებისადმი დიფერენცირებული მიდგომა ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებაში დაგვეხმარება. ასეთი მიდგომა ასევე უზრუნველყოფს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების მართვაში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რესურსია სოფლის განვითარების საქმეში, რადგან მათი საქმიანობა მოსახლეობის უშუალო ინტერესებს ემსახურება და მოქალაქეთა, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდობის, აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

24 ოქტომბერს გამართული შეხვედრა პირველია მსგავსი სემინარების რიგში, რომლებიც საქართველოს სოფლის  განვითარების ქსელის (GRDN) ინიციატივით გაიმართება. ამ საკონსულტაციო პროცესს მხარს უჭერენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ფარგლებში.

პროგრამა ENPARD ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org