ევროკავშირი ხელს უწყობს აჭარის სოფლის განვითარებას

გრძელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლობა ევროკავშირთან (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებისათვის

18 December 2018

ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელებაში.  აჭარაში ეს ინიციატივა სოფლის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამონაწილობა 230,000 ევროს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძემ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, და ლუიზა ვინტონმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, შესაბამის ხელშეკრულებას 2018 წლის 18 დეკემბერს ბათუმში მოაწერეს ხელი.

2018-2022 წლებში, ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება მიმართული იქნება სოფლად არაფერმერული ეკონომიკის განვითარებაზე და სოფლის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე.

„სოფლის განვითარება ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ყოველ სოფელს, ხელს შეუწყობს თითოეული ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებას“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „ჩვენი ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად შესაძლებლობა გვექნება დავეხმაროთ აჭარის სოფლად მცხოვრებ ოჯახებს და არსებობის მდგრადი წყარო შევქმნათ იქ, სადაც სოფლის მეურნეობა შემოსავლიანი არაა“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელშეწყობა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD, მესამე ფაზის ნაწილია. პროგრამა ENPARD ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • მიკოლაი ბეკასიაკი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org