საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი

7 December 2018

2018 წლის 7 დეკემბერს თბილისში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მესამე გენერალური ფორუმის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის განხილვა. ფორუმში მონაწილეობენ  მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მესამე გენერალური ფორუმი გახსნა ზაზა გაბუნიამ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ. ფორუმის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ; პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძემ; ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა, ადამ შმიდტმა, და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში, გიგი ბრეგაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს ხელისუფლების ამბიციური გეგმაა, რომელიც თვითმმართველი ორგანოებისათვის მეტი შესაძლებლობებისა და კომპეტენციებისა მინიჭებას ითვალისწინებს, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის მხრივ.

2018 წლის მარტში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ წარდგენილი ხედვის თანახმად, 2025 წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის კონსოლიდირებულმა რესურსმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% უნდა შეადგინოს.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი 2018 წელს დაარსდა, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმა თვითმმართველობის განვითარებასთან და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფორუმი აერთიანებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ფორუმი დაარსდა საქართველოს პარლამენტის ინიციატივით. მისი ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.

საკონტაქტო ინფორმაცია